სამართალი
ბურჯანაძე დარწმუნებულია, რომ „ლიბიური დიდგორი“ არ აგვცდება

burjo„როცა იქნება, მაინც მოხდება, მაგრამ მოხდება ისე საშინლად, როგორც ლიბიაში“, – ასეთია „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერ ნინო ბურჯანაძის პროგნოზი საქართველოში მოვლენების შესაძლო განვითარებასთან დაკავშირებით გაზეთ „ყველა სიახლისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

ბურჯანაძე დარწმუნებულია, რომ „სახალხო კრების“ სამოქმედო გეგმას, რომელიც 2 მაისს გამოცხადდება, ძალიან ბევრი მხარდამჭერი ეყოლება. ისინი ქუჩაშიც გამოვლენ და მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებასაც შეძლებენ.

ოპოზიციონერი ლიდერი მათაც აძლევს პასუხს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება უსისხლოდ არ წავა. „მგლის შიშით ცხვარი არავის გაუწყვეტია“, – აცხადებს ბურჯანაძე და დასძენს, რომ „შიშით რომ ემოქმედათ წინაპრებს, არც დიდგორი იქნებოდა, ვერც მართლმადიდებლობას შეინარჩუნებდა ქართველი ერი და, საერთოდ, ქვეყანა არც იარსებებდა“.

„თავმოყვარეობა სულ დავკარგეთ ქართველებმა, ამ ცხვირმოუხოცავი მატყუარების ამდენ ტყუილს რომ ვიტანთ? ამის გათვალისწინებით, იქნებ მართლაც ღირსი ვართ ამ ხელისუფლების. ჰოდა, მოდი, ეს გავარკვიოთ. როდესაც „სახალხო კრება“ თავის გეგმას გამოაცხადებს, შევიკრიბოთ ისინი, ვინც არ მივიჩნევთ ამ ხელისუფლების ღირსად თავს და მსოფლიოს დავანახვოთ, რომ მთელი საქართველო არ გამოტვინებულა და არ შეშინებულა“, – აღნიშნავს ბურჯანაძე ინტერვიუში.

P.S. ერთი გაქცეული ყოფილი მინისტრისა არ იყოს, ბურჯანაძეს, ალბათ, ვერც კი წარმოუდგენია, რომ მისმა დაანონსებულმა ორმა მაისმა შესაძლოა, ისევე ჩაიაროს, როგორც გასული წლის 25 ნოემბერმა ჩაიარა, რადგან რადიკალური განცხადებების მიღმა რეალური საქმის გასაკეთებლად „სახალხო კრება“ უუნარო აღმოჩნდა. თუმცა, მეორე მხრივ, ბურჯანაძის ზემოხსენებული განცხადება შეიძლება რადიკალიზმის რადიკალიზმადაც ჩაითვალოს და, თუ ყოფილი სპიკერი საკუთარ განცხადებაში დარწმუნებულია, არაა გამორიცხული, „სახალხო კრების“ მხრიდან მართლაც ველოდოთ რადიკალურ ნაბიჯებს. საინტერესო „ქართული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის – ირაკლი ოქრუაშვილის თავდაჯერებულობაცაა, რომელიც ირწმუნება, რომ მის გარეშე ქვეყანაში ცვლილებები არ მოხდება. ამავე დროს, ცნობილია, რომ ბურჯანაძისა და მის პარტიებს შორის არცთუ კარგი დამოკიდებულებაა. აქედან გამომდინარე, საკითხავია, შეძლებს თუ არა „სახალხო კრება“ რევოლუციის მოხდენას ოქრუაშვილის გარეშე, თუ რადიკალიზმის რეალიზაცია რევოლუციამდე „ქართული პარტიის“ მისამართით მოუწევს, რა სიტუაციაშიც, ტრადიციულად, მოგებული სააკაშვილის ხელისუფლება დარჩება.