თერთმეტმა საზოგადოებრივმა და მედიაორგანიზაციამ 13 აპრილს ჩამოაყალიბა კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“, რომლის უმთავრესი მიზანიც ქვეყანაში არსებული მედიაგარემოს გაუმჯობესებაზე ზრუნვა და მედიამფლობელებისა და ჟურნალისტთა ინტერესების დაცვაა.
ამ ეტაპზე კოალიცია 11 წევრს ითვლის: ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი, საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოებისათვის“, საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია, რეგიონული მაუწყებლების ქსელი, ჟურნალისტთა ეთიკის ქარტია, მედიაკლუბი და ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“.დამფუძნებელთა განცხადებით, ჟურნალისტების უფლებების დაცვის გარდა, კოალიცია ისეთ საკითხებზეც გაამახვილებს ყურადღებას, როგორიცაა: კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ სამაუწყებლო ლიცენზიების გაცემისა და მოდიფიცირების პროცესის გამჭვირვალობა, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.
შარშან შემოდგომაზე იურიდიულ და მედიაექსპერტთა ჯგუფმა, რომელთაგანაც ზოგიერთი ახალშექმნილი კოალიციის წევრია, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მოამზადა, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გამარტივების ღონისძიებებსაც ეხება – ეს ის პრობლემაა, რომლის შესახებაც ჟურნალისტები სულ უფრო მეტ პრეტენზიას გამოთქვამენ.
ეს საკითხი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ 13 აპრილს საქართველოზე მიღებულ რეზოლუციაშიც არის წამოწეული. დოკუმენტი მოუწოდებს ხელისუფლებას, „შეაფასოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სამართლებრივი სტრუქტურა მისი განხორციელების გაუმჯობესების მიზნით“.
იმავე საკითხთან დაკავშირებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო ანგარიშში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ ნათქვამია, რომ, მართალია, კანონი სახელმწიფო ორგანოს საჯარო ინფორმაციის დაუყოვნებლივ ან მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 დღისა გაცემას ავალდებულებს, მაგრამ „მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემა განუსაზღვრელი ვადით ჭიანურდებოდა ან ზოგჯერ რეალურად მოთხოვნას უგულებელყოფდნენ“.