საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 124 აჭარას, 20 კი თბილისს უკავშირდება

 საქართველო, 16 სექტემბერი, საქინფორმი. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევიდან 124 ბათუმს, 20 კი თბილისს უკავშირდება.

ქვეყანაში გუშინ იყო 2392 შემთხვევა, დაგვემატა 170 და გახლავთ 2562. 170 ახალ შემთხვევაზე მინდა, ორნაირი ახსნა მოგაწოდოთ. 88 არის დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი, 50 მოგზაურობის ისტორიით, ოთხი საკარანტინო სივრცეში დადასტურებული, დანარჩენი არის ცხელების ცენტრებში დადასტურებული შემთხვევები, რომელთა კონტაქტების მოძიება გრძელდება.

რეგიონების მიხედვით 170 შემთხვევა ასე ნაწილდება: აჭარა, ბათუმი – 124, თბილისი – 20, იმერეთი, ქუთაისი – 13, სამეგრელო-ზემო სვანეთი, ზუგდიდი – ექვსი, გურია, ოზურგეთი – სამი, მცხეთა-მთიანეთი, მცხეთა – სამი, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი, ცაგერი – ერთი“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, 11-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულების რიცხვი და ამ ეტაპზე კოვიდ-ცენტრებში 1154 პაციენტი მკურნალობს.

რაც შეეხება უშუალოდ ინფექციური საავადმყოფოს მონაცემებს, კლინიკიდან გაეწერა ათი პაციენტი და ასევე ათი ახალი შემთხვევა დაემატა. ინფიცირებულებიდან სამის მდგომარეობა მძიმე, ერთის კი კრიტიკულია.

ამასთან, ეზუგბაიამ ისაუბრა, თუ რამდენად არის მზად ჯანდაცვის სისტემა, შემთხვევების გაზრდილ რაოდენობას გაუმკლავდეს.

„როცა ორნიშნა ციფრები გვქონდა, 460-500 საწოლამდე იყო საუბარი, დღეს გახდა სამნიშნა ციფრები და საწოლების რაოდენობა გასამმაგდა. თუ საჭირო იქნება, ავა 3000-მდე. პარალელურად შეიქმნა სასტუმრო-ჰოსპიტლები, სადაც მოხდება მსუბუქების და ასიმპტომურების გადაყვანა. მსოფლიოში გამოცდილება ასეთია, რომ მსუბუქი და ასიმპტომური პაციენტების მკურნალობა მიდის ბინაზე. ჩვენ ამას არ ვაკეთებთ, ამ ეტაპზე გვაქვს საშუალება, რომ როგორმე დაავადების პრევენცია მოვახდინოთ, ანუ დაავადების გავრცელება არსებულ სიტუაციაში იყოს მინიმიზირებული, რადგან პაციენტების გადაყვანა ნებისმიერ სივრცეში, საკარანტინო იქნება, ჰოსპიტალი, თუ ჰოსპიტლის შემდეგ სასტუმრო ჰოსპიტალი, არის საფუძველი, რომ შემდეგში დაავადების გავრცელება დავბლოკოთ.

ვიდრე შეგვეძლება, რომ სტაციონარში და სასტუმრო სტაციონარში გავაგრძელოთ პაციენტების მოვლა, გაგრძელდება. არამგონია, ქვეყანაში იყოს ისეთ რაოდენობა, ვერ მოვახერხოთ ამ სიტუაციის დასტაბილურება, თუნდაც აჭარის სწრაფი ლოკალიზება. დანარჩენები, ხედავთ ლოკალიზებულია, იმერეთი, გურია, სამეგრელო. მონაცემების ზრდა განსაკუთრებული არ შეინიშნება. ძირითადად საყურადღებო არის აჭარა, რადგან დიდი მობილობა იყო. აჭარის შემთხვევები მყარია, მუდმივობას ინარჩუნებს და ალბათ მომავაში არა გაზრდისკენ, შემცირებისკენ წავა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

გარდა ამისა, ეზუგბაიამ აღნიშნა, რომ კოვიდინფიცირებულების მკურნალობის პროტოკოლი არ შეცვლილა.

პროტოკოლში დიფერენცირებულია მსუბუქი, საშუალო, მძიმე და კრიტიკული პაციენტების მოვლა. ასიმპტომურ პაციენტს არ სჭირდება არანაირი მკურნალობა“, – დასძინა ეზუგბაიამ.