სამართალი
გირგვლიანის საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილება 26 აპრილს გახდება ცნობილი

The-European-Court-of-Humanროგორც საქინფორმს მოსარჩელე მხარის ადვოკატმა შალვა შავგულიძემ განუცხადა, სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“ განაჩენი მიმდინარე წლის 22 მარტს გამოიტანა. გადაწყვეტილების შინაარსი კი საზოგადოებისთვის 26 აპრილს გახდება ცნობილი.

„ჩვენ წერილობით გვაცნობეს, რომ გადაწყვეტილების შინაარსს 26 აპრილს გაგვაცნობენ. ამავე დღეს შინაარსი ევროპული სასამართლოს ვებგვერდზეც განთავსდება. მიმაჩნია, რომ ჩვენი მოთხოვნები საფუძვლიანი იყო და ვიმედოვნებ, ისინი დაკმაყოფილდება. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო სახელმწიფოს მხრიდან გამოძიების პროცესში ევროკონვენციის მითითებული 4 მუხლის დარღვევას აღიარებს, ჩვენ შესაძლებლობა მოგვეცემა, საქმე ხელახალ გამოძიებაში დავაბრუნოთ“, – განაცხადა შავგულიძემ.

შეგახსენებთ, რომ სანდრო გირგვლიანი სამართალდამცველებმა 2006 წლის იანვარში გაიტაცეს და აწამეს, რასაც მისი სიკვდილი მოჰყვა. საქმეზე გამოძიებამ ოთხი პირი დააკავა, რომელთაც 6-წლიანი პატიმრობა შეეფარდათ. მოგვიანებით, პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე, ბრალდებულებს სასჯელი გაუნახევრდათ, ხოლო 2009 წელს ისინი პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდნენ.

გირგვლიანის ოჯახის ადვოკატებმა კი სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი 2007 წლის ზაფხულში შეიტანეს. ისინი ითხოვენ ევროკონვენციის მუხლების – სიცოცხლის, სამართლიანი სასამართლოს უფლების, წამების აკრძალვისა და დაცვის უფლების დარღვევად ცნობას, ასევე, 300 ათასი ევროს ოდენობის მორალურ კომპენსაციას.