საზოგადოება
„ქართული ოცნება“ — 55,7% „ნაციონალური მოძრაობა“ — 16,2% — Survation

 საქართველო, 14 სექტემბერი, საქინფორმი. მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მხარდაჭერისთვის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობაა მზად, ამაზე მეტყველებს ტელეკომპანია Rustavi2-ის დაკვეთით კვლევითი კომპანია Survation-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები.

სოციოლოგების მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობის 55,7% არჩევნებზე მხარს „ქართულ ოცნებას“ დაუჭერს.

მეორე ადგილზეა ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომლის სასარგებლოდაც საკუთარი პოზიცია დააფიქსირა გამოკითხვაში მონაწილეთა 16,2%-მა, მესამე ადგილზე კი გიორგი ვაშაძის პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“ გავიდა (6%).

შემდეგ მოდიან პარტიები „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ (5,6%), „ლეიბორისტული პარტია (4,5%) და „პატრიოტთა ალიანსი“ (3,9%).

ამასთან, გამოკითხულთა 68,9% თითქმის დარწმუნებულია, რომ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ეჭვი ეპარება რესპონდენტების 12,5%-ს, ხოლო 6% არჩევნებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს.

Survation-მა გაარკვია, რომ საქართველოში ყველაზე მეტად ჯარს (84%), ეკლესიას (83%) და თბილისის მერიას (71%) ენდობიან.

პოლიციას ენდობა გამოკითხულთა 68%, სამართალდამცველი ორგანოების საქმიანობას ნეგატიურად აფასებს 24%.

ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობას დადებითად აფასებს რესპონდენტების 63%, 28% კი უარყოფითად.

კომპანიამ 26 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე პერიოდში სულ 1,2 ათასი ადამიანი გამოკითხა. გამოკითხვის ცდომილების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

Survation – საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ბრიტანული კომპანიაა 10-წლიანი გამოცდილებით, რომელიც ცნობილია როგორც ერთ-ერთი წარმატებული კომპანია დიდი ბრიტანეთის ბაზარზე.

კომპანია Survation-ის აგვისტოს გამოკითხვა ამ ზაფხულს ჩატარებული უკვე მეოთხე გამოკითხვაა. მსგავსი გამოკითხვა ბრიტანულმა კომპანიამ ივლისშიც ჩაატარა. მაშინ კვლევის შედეგები დღევანდელისგან განსხვავდებოდა – მმართველმა პარტიამ საკუთარი პოზიციები გააძლიერა.