„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, რესპონდენტთა მხოლოდ 8,1% აცხადებს, რომ საპროტესტო აქციების გამართვის მიზეზებს ვერ ხედავს.
გამოკითხულთა დანარჩენი ნაწილი კი აქციებში შესაძლო მონაწილეობის სხვადასხვა საბაბს ასახელებს. მათ შორის, მთავარი აქცენტი, ძირითადად, სოციალურ პრობლემებზე კეთდება.კვლევის შედეგების მიხედვით, პირველ ადგილზე 16,9%-ით უმუშევრობაა; მეორეზე 14,7%-ით – მაღალი ფასები და დაბალი ხელფასები; გამოკითხულთა 9,5% აქციებზე ადამიანის უფლებების დარღვევის მიზეზით გავა, 8,4% – მაღალი გადასახადების გამო. აღსანიშნავია, რომ რესპონდენტთა 7,4% საკითხს პესიმისტურად უყურებს და ფიქრობს, რომ აქციებში მონაწილეობას აზრი არ აქვს, რადგან ყველაფერი მაინც ძველებურად დარჩება.
საარჩევნო საკითხებისა და მოქალაქეთა პრიორიტეტების შესახებ კვლევა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED), ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის – „დიალოგისა და შესაძლებლობათა განვითარების ხელშეწყობა ეფექტური ეროვნული საარჩევნო პროცესებისათვის“ – ფარგლებში განახორციელა.