საქართველო, 9 სექტემბერი, საქინფორმი. ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ 7 სექტემბერს განაცხადა, რომ „ძალა ერთობაშიას“ ოპოზიციურ გაერთიანებაში შემავალმა ყველა პარტიამ, მათ შორის, ნაციონალურმა მოძრაობამ, ერთხმად დაუჭირა მხარი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დასახელებას.
ყოფილი მმართველი პარტიის მიერ პრემიერად ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის მოაზრებას განსხვავებული გამოხმაურებები მოჰყვა საქართველოს დედაქალაქში. გთავაზობთ როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების კომენტარებს:
გიორგი გახარია – საქართველოს პრემიერ–მინისტრი: „კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მობრძანდეს. ვერავინ და ვერაფერი ქვეყნის სტაბილურობას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს და ვერავინ და ვერაფერი საარჩევნო პროცესის ნორმალურ და მშვიდ გარემოში ჩატარებას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს“.
თეა წულუკიანი – იუსტიციის მინისტრი: „აქ დარჩენილი „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი დანაყოფების პოლიტიკური მომავალი არის ნულთან ახლოს, იმიტომ, რომ ისინი თავიანთ არქიტექტორს ვერ ელევიან. ეს არის ადამიანი, რომელიც გაურბის მართლმსაჯულებას, უარი თქვა სამშობლოზე, უარი თქვა მოქალაქეობაზე… (სააკაშვილი) აზიანებს ოპოზიციას, მაგრამ ოპოზიცია მაინც ებღაუჭება მას და რეალურად კიდევ უფრო ანულებს საკუთარ შანსებს“.
ანრი ოხანაშვილი – დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“: „ დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ არის ამ ჯგუფების ლუსტრაცია. მათ აირჩიეს წარსული, აირჩიეს ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა, რადგან მათ არაფერი აქვთ საერთო სამშობლოს სიყვარულთან, ადამიანობასთან, მორალთან და ისეთ ღირებულებებთან, რომელთაც უნდა ეფუძნებოდეს თანამედროვე დემოკრატიული პარტია… სცენარი იქნება როგორც ყველა კრიმინალური მენტალიტეტის და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესატყვისი რეაგირება. კერძოდ, მსჯავრდებულ სააკაშვილის დაკავება, გადაყვანა სასამართლოში და სასჯელის აღსრულების დაწყება. ეს არის პროცედურა, რაც შესაბამისი სტანდარტების დაცვით აღსრულდება“.
რატი იონათამიშვილი – დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ : „ამ ადამიანმა ათი დღის უკან ფაქტობრივად უმძიმესი დანაშაულებები აღიარა საკუთარი პირით და ამის მერე ეს ოპოზიცია ასახელებს მას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად… ესენი არიან ჩვენი პოლიტიკის წარსულები, რადგანაც უმძიმესი დანაშაულები აქვთ ჩადენილი და ამ დასახელებით ფაქტობრივად მისი მხარდამჭერი პარტიებიც აღიარებენ, რომ ისინიც ამ დანაშაულებში მისი თანამზრახველები არიან, ამიტომ, რაც მოხდება მისი ჩამოსვლის შემდეგ, აღსდგება სამართლიანობა და ის აღმოჩნდება სასჯელაღსრულების საკანში“.
გიგა ბოკერია – „ევროპული საქართველო“: „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც ჩანს, დღევანდელი ნაბიჯით, რაც დადასტურდა და არამარტო ამით, უნდა 2012 წლამდე ვითარების დაბრუნება და „ევროპულ საქართველოს“ და ჩვენ ქვეყანას სჭირდება ცვლილებები და წინსვლად… ჩვენ რატომ უნდა ვუჭერდეთ მხარს ჩვენი კონკურენტების კანდიდატებს, რომელთაც უნდათ წარსულში დაბრუნება“.
გიორგი ვაშაძე – პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“: „მივესალმები ოპოზიციური პარტიების მხრიდან საკუთარი კანდიდატების დასახელებას. ჩვენ, სტრატეგია აღმაშენებლის გუნდს გვაქვს ჩვენი გეგმა… სწორედ აღმშენებლობის სტრატეგიის რეალიზებისთვის, ქვეყანაში კრიმინალის და სიღარიბის დამარცხებისთვის ვაპირებ, გავხდე ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. პრემიერობა კი არ უნდა იყოს მიზანი, არამედ რა სტრატეგიით და გეგმით მოდიხარ, რის გაკეთებას აპირებ“.
ნინო ბურჯანაძე – „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა“: „მე ვერ ვხედავ საერთო ოპოზიციურ კანდიდატად სააკაშვილს, ყოველ შემთხვევაში, ჩვენი მხრიდან მის პრემიერობას ერთმნიშვნელოვნად არ ექნება მხარდაჭერა“.
საბა ბუაძე – „ლელო საქართველოსთვის“: „იმ პირობებში, სადაც მიხეილ სააკაშვილი არის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია კოალიციური, ან რაიმე ტიპის თანამშრომლობა, ეს ეხება როგორც მიხეილ სააკაშვილს, ისე ბიძინა ივანიშვილს“.
იაგო ხვიჩია – „გირჩი“: „თუ ვიცი, რომ ჩემი ოჯახის წევრებს, ჩემს მეგობრებს ეშინიათ რაღაცის, ვერც მე ვერ დავუჭერ მხარს და ვერც ვერავინ, ამიტომ ჯერ დიდი დროა, მიხეილ სააკაშვილსაც დიდი დრო აქვს და საბოლოო ჯამში ეს საკითხი გადაწყდება იმის მიხედვით, ვის რა მხარდაჭერა ექნება არჩევნებზე“.
ეკა ბესელია – „სამართლიანობისთვის“: „არჩევნები ძალიან ახლოს არის და ხალხი გადაწყვეტს ვის ექნება ნდობის მანდატი, მათ შორის, ყველაზე მეტი მანდატი, ესეც განსაზღვრავს პოლიტიკურ პარტიებს ვის შეიძლება ჰქონდეს პრეტენზია, რომ მათი კანდიდატი შეიძლება იყოს მომავალი პრემიერი. მე მაინც მგონია, რომ ეს ის არჩევნებია, რომელმაც უნდა მოიტანოს სიახლე და არა დავბრუნდეთ უკვე ნანახ, ძველ და საკმაოდ მძიმე პოლიტიკურ რეალობაში… მე არ ვფიქრობ, რომ ეს იქნება პოლიტიკური კონსენსუსის ნაწილი“.
Civil.ge