საზოგადოება
ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფი გმობს რუსულ ოკუპაციას

 საქართველო, 7 სექტემბერი, საქინფორმი. 3 სექტემბერს ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გაავრცელა საქართველოს მეგობართა ჯგუფმა, რომლის წევრებიც არიან ბულგარეთი, კანადა, ჩეხეთი, ესტონეთი, ფინეთი, ირლანდია, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, შვედეთი, უკრაინა, გაერთანებული სამეფო და აშშ.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გადმოსცემს, განცხადებაში დელეგაციებმა შეშფოთება გამოხატეს რუსულ ოკუპაციასა და რუსეთის მხრიდან გახშირებულ პროვოკაციებზე.

საქართველოს მეგობართა ჯგუფი მიუღებლად მიიჩნევს ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს, რომელიც ადგილობრივი მაცხოვრებლების უფლებებს არღვევს და მათ თავისუფალ გადაადგილებას ზღუდავს.

მეგობართა ჯგუფმა რუსეთს მოუწოდა, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, უპირველესად კი, ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და დააბრუნოს თავისი სამხედრო ძალები კონფლიქტამდელ პოზიციებზე.

დელეგაციები შეუერთდნენ ქართული მხარის მოთხოვნას საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების, მათ შორის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებში დაშვებასთან დაკავშირებით.

მათ ასევე მხარი დაუჭირეს საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას, რომელიც მიმართულია კონფლიქტით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენისა და შერიგებისკენ.

3 სექტემბერს, ეუთოს მუდმივი საბჭოს შეხვედრის ფარგლებში, აშშ-ის ელჩმა ჯეიმს გილმორმა მხარდაჭერა გამოხატა მეგობართა ჯგუფის ერთობლივი განცხადების მიმართ და კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის ქმედებები ოკუპირებულ რეგიონებში და გამყოფ ხაზებზე.

რუსეთის წინამძღოლობით მოქმედი უსაფრთხოების აქტორები აგრძელებენ საქართველოში უფრო ღრმად შეჭრას”, აღნიშნა ელჩმა. მან ასევე ისაუბრა აღნიშნული ძალების მიერ გასულ წელს ჩორჩანა-წნელისის მიდამოებში თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე ასობით მეტრით შემოწევის მცდელობებზე.