საზოგადოება
ირაკლი კობახიძე - რუსეთისთვის ბრძოლის ერთ-ერთი იარაღი დეზინფორმაციაა, რასაც სიმართლეს დავუპირისპირებთ

 საქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. რუსეთისთვის დეზინფორმაცია არის ბრძოლის ერთ-ერთი იარაღი. ბუნებრივია, ამ დეზინფორმაციას ჩვენ დავუპირისპირებთ სიმართლეს და სწორ ინფორმაციას, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე რუსეთის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებას.

საუბარია განცხადებაზე, სადაც იური შვიტკინმა აღნიშნა, რომ „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ქიმიური ნივთიერების დასამზადებელი ლაბორატორიები საქართველოსა და აშშ-ში მდებარეობს.

ამასთან, როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რუსეთს საქართველოს წარმატებები არ ახარებს.

რაც შეეხება რუსი დეპუტატის განცხადებას, არასერიოზულია და, შესაბამისად, ამაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ფაქტი, ბუნებრივია, საჭიროებს გამოძიებას და იმედი გვაქვს, სათანადოდაც იქნება გამოძიებული. რაც შეეხება,ზოგადად, რუსეთის ქმედებებს, ამასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია არის ცალსახა და ეს ყველასთვის ცნობილია. რუსეთს არ ახარებს საქართველოს წარმატება და ამის შედეგია, რა თქმა უნდა, ეს განცხადებები. სამწუხაროდ, რუსეთისთვის დეზინფორმაცია არის ბრძოლის ერთ-ერთი იარაღი. ბუნებრივია, ამ დეზინფორმაციას ჩვენ დავუპირისპირებთ სიმართლეს და სწორ ინფორმაციას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.