პოლიტიკა
პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა

 საქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. კენჭისყრა რამდენიმე წუთის წინ გაიმართა.

ცვლილებების პროექტი პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მას 81-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ არც ერთი არ წასულა.

კანონპროექტის დამტკიცების პროცესს არ ესწრებოდნენ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები.

„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, ამომრჩევლის იძულების, დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ფაქტებზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იქნება გათვალისწინებული. შესაბამისი ცვლილებები „საარჩევნო კოდექსსა“ და მისგან გამომდინარე „სისხლის სამართლის კოდექსში“ შედის.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ არჩევნების შედეგებზე არამართლზომიერი ზეგავლენის (მათ შორის, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის) მიზნით, ამომრჩევლის დაშინება ან იძულება, მათ შორის, ჩადენილი ამომრჩევლის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების, ქონების განადგურების ან დაზიანების მუქარით, ან მატერიალური, სამსახურებრივი ან სხვაგვარი დამოკიდებულების გამოყენებით, დაისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.