საქართველო, 3 სექტემბერი, საქინფორმი. მსოფლიო ლიდერების და პასუხისმგებელი პოლიტიკოსების ამოცანაა, არ დაუშვან მეორე მსოფლიო ომის საშინელი მოვლენების გამეორება, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ცოდნის დღეს, სკოლის მოსწავლეებისთვის ღია გაკვეთილის მიმდინარეობის დროს.
„გულწრფელად მჯერა, რომ თქვენ, თქვენს ახლობლებს არასდროს მოგიწევთ ასეთ რთულ განსაცდელებთან შეჯახება. ამაში ვხედავ სახელმწიფოთა ლიდერების, პასუხისმგებელი პოლიტიკოსების, საზოგადო მოღვაწეებისა და ყველას ამოცანას, ვინც ხვდება, რამდენად მყიფეა თანამედროვე სამყარო. მე მჯერა, რომ მსგავსი რამის გადალახვა არასდროს მოგიწევთ“, — თქვა პუტინმა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ომზე უფრო ტრაგიკული განსაცდელი არ არსებობს, რომ „დიდ სამამულო ომში“ ხალხის გმირობა არ უნდა მიეცეს დავიწყებას.
„ჩვენ ყველანი პატივს ვცემთ ჩვენს გმირებს, აღფრთოვანებულები ვართ, თაყვანს ვცემთ მათ სიმამაცესა და გამძლეობას. რაც უფრო მეტს ვიგებთ, მით უფრო ღრმად ვაცნობიერებთ: ომზე რთული და ტრაგიკული გამოცდილება არ არსებობს. ის ცდილობს მომავალის წართმევას, ანადგურებს ოცნებებს და არღვევს ბედნიერებას. ის არავის ინდობს“, — თქვა პუტინმა.
რუსეთის ლიდერმა ომზე მახსოვრობის შენარჩუნებას სახელმწიფო მნიშვნელობის ამოცანა უწოდა, მაგრამ აღნიშნა, რომ რუსეთის მოსახლეობა წარსულს კი არ უნდა ჩაებღაუჭოს, არამედ მის საფუძველზე წინსვლის წინაპირობები უნდა შექმნას.
სრულიად რუსეთის ღია გაკვეთილი წელს დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75 წლის იუბილეს ეძღვნება და იმართება დევიზით „გახსოვდეს — ნიშნავს იცოდე“.