საქართველო, 2 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს სახალხო დამცველმა აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესების შესწავლის მიზნით, გაეროს ახლადარჩეულ სპეციალურ მომხსენებელს ირენ ხანს და მედიის საკითხებზე ეუთოს წარმომადგენელს არლემ დეზირს წერილობით მიმართა.
ომბუდსმენი ზემოხსენებულ პირებს სახალხო დამცველის ოფისის მიერ ტელეკომპანიაში მიმდინარე მოვლენების შესწავლის შედეგად „გამოვლენილ დარღვევებზე“ მიაწოდა ინფორმაცია და განუმარტა, რომ გამოვლენილი ხარვეზები „საფრთხეს უქმნის ქვეყანაში არსებულ მედიაპლურალიზმსა და უარყოფითად აისახება გამოხატვის თავისუფლებაზე“.
წერილში „სახალხო დამცველი გამოთქვამს ვარაუდს, რომ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენები ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებას ისახავს მიზნად“.
ომბუდსმენი მიმართვაში ასევე აღნიშნავს, რომ ქვეყანაში, განსაკუთრებით კი – საარჩევნო წლის განმავლობაში, „ჩარევებისგან თავისუფალი“ და „დამოუკიდებელი“ საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებობა „კრიტიკული“ მნიშვნელობისაა.
შესაბამისად, სახალხო დამცველი ეუთოს წარმომადგენელსა და გაეროს სპეციალურ მომხსენებელს საკითხით დაინტერესების თხოვნით მიმართავს. ომბუდსმენი ასევე სთხოვს მათ რომ „საჯარო განცხადებით მიმართონ საქართველოს ხელისუფლებას, ან/და წერილში აღწერილი გარემოებების ადგილზე შესასწავლად ქვეყანას „შეძლებისთანავე“ ეწვიონ.
სახალხო დამცველი „იმედოვნებს, რომ ზემოაღნიშნულ საერთაშორისო მანდატის მქონე პირთა რეაგირება აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზე, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თავისუფალი მედიის არსებობას ქვეყანაში“.
მანამდე, 27 აგვისტოს, სახალხო დამცველმა აჭარის მაუწყებლის ყოფილი და მოქმედი 4 თანამშრომლის – საინფორმაციო გამოშვების წამყვან-რეპორტიორის, თეონა თურმანიძის, ამავე სამსახურის რეპორტიორის, თეონა ხარაბაძის, ონლაინმედიის სამსახურის უფროსის, სოფო ჟღენტისა და გადაცემა „ჰეშთეგის“ წამყვან-რეპორტიორის მალხაზ რეხვიაშვილის საქმეების შესწავლის შედეგები გამოაქვეყნა.
ანგარიშში სახალხო დამცველის აპარატი მათ მიმართ აჭარის მაუწყებლის მხრიდან შრომითი უფლებების დარღვევაზე საუბრობს და მაუწყებლის დირექტორს გიორგი კოხრეიძეს მიმართავს რეკომენდაციით, რომ ოთხივე თანამშრომლის მიმართ გამოცემული ბრძანებები ბათილად ცნოს.
ომბუდსმენი ასევე მოუწოდებს კოხრეიძეს, რომ მომავალში საკადრო გადაწყვეტილებები კანონმდებლობის სრული დაცვით მიიღოს და თანამშრომლების მიმართა სხვადასხვა ნიშნით „დისკრიმინაციული მოპყრობისგან“ თავი შეიკავოს.