პუბლიკაციები
ანტირუსული პროპაგანდის „ПИК“ი: 20 მილიონი – დამატებით!

PIKchannel2011 წელს „ПИК“ი თავისი დაფინანსების პიკზეა: უწინ უკვე გამოყოფილი 25 მილიონი ლარის გარდა, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მესამე არხი („პირველი კავკასიური საინფორმაციო“ – „ПИК“) დამატებით კიდევ 20 მილიონს მიიღებს! ამის თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის განხილვისას განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ მოცემული პროექტის საკომიტეტო მოსმენისას „ПИК“-ისთვის დამატებითი თანხების გამოყოფის საკითხი საერთოდ არ განიხილებოდა, თუმცა, სესიაზე ამ ფაქტს, „რატომღაც“, ყურადღება არავინ მიაქცია – ამ საქმეებში ჭიპმოჭრილმა „ქრისტიან-დემოკრატებმაც“ კი, რომლებსაც, მათი პარლამენტამდელი მოღვაწეობის გათვალისწინებით, ხალხი ტელეწამყვანთა პარტიას ეძახის...

მაშ, რატომაა, რომ ჩვენი ხელისუფლება, რომელმაც რუსეთი საქართველოს ნომერ პირველ მტრად გამოაცხადა და, საერთოდ, გამოხატა თავისი აშკარა სიძულვილი ყველაფერი რუსულისადმი, პუშკინიდან – პუტინამდე, აკრძალა რუსული სიმღერები რესტორნებშიც კი (500-ლარიანი ჯარიმის მუქარით!), კინოფილმები კინოთეატრებში და ტელეგადაცემები რუსულ ენაზე, დაბლოკა ყველა წამყვანი რუსული ტელეარხი და მოწყალების მთხოვნელად აქცია ოდესღაც მილიონობით ტირაჟიანი რუსულენოვანი გაზეთები საქართველოში – „Свободная Грузия“ („Заря Востока“) და „Вечерний Тбилиси“, ასე ხელგაშლილად ზრუნავს ახალ რუსულენოვან არხზე, არა მარტო (ანდა არა იმდენად!) საქართველოში, არამედ მთელ კავკასიაში – ჩრდილოეთსა და სამხრეთში, ასევე, უკრაინაში, ბელარუსში, აღმოსავლეთ ევროპაში, რუსეთში, თურქეთსა და ირანში რომ მაუწყებლობს?! და რატომაა, რომ ტელეარხის შესანახავად, ყველასთვის მოყირჭებული ანტირუსული პროპაგანდითა და „დაზარალებულთა“ ყალბი ცრემლით რომ შეუკმაზავთ, ქართველმა გადასახადის გადამხდელებმა ჯიბე უნდა გამოიფხიკონ?!

ასე და ამგვარად, „ПИК“-ის ბიუჯეტი 45 მილიონია... არადა, ჯერ ყველაფერი წინაა: წლის ბოლომდე კიდევ სამი კვარტალია, ამასთან, კერძო შემოწირულობებიც ჯერ არავის აუკრძალავს... ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ საქართველოში ძალაში შედის კანონი მედიის დაფინანსების წყაროთა „გამჭვირვალობის“ შესახებ, რაც „ПИК“-ს არ ემუქრება: მისი კეთილისმყოფელი წყარო კრისტალურად გამჭვირვალეა – სახელმწიფო დოტაცია, რასაც მის ნამდვილ შემქმნელ-კურატორებზე ვერ იტყვი...

იქნებ საქართველოს ხელისუფლება „ПИК“-ის ფანატებითაა სავსე?! გამორიცხულია – არცერთი სახელმწიფო ჩინოვნიკი, თავისი „მოუცლელობისა“ და რუსული ენის უცოდინარობის გამო ამ არხს საერთოდ არ უყურებს, ისევე, როგორც მთლიანად – ქართველი საზოგადოება. საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ ჟურნალისტებმა პატარა ბლიცგამოკითხვა ჩაატარეს – დაურეკეს 100 რესპონდენტს (50/50, თბილისი/რეგიონები), რომელთაგან

– 78 რესპონდენტს საერთოდ არ სმენია ტელეარხ „ПИК“-ის არსებობის შესახებ;

– 9 რესპონდენტისთვის „ПИК“ ცნობილი იყო, განსაკუთრებით კი, მისი ავტორი და წამყვანი ოლეგ (იგივე სანდრო) პანფილოვი: სახელის, მრწამსის, პატრონისა და ორიენტაციაშეცვლილი პროვოკატორი, რომელიც საქართველოში ეროვნებათშორისი შუღლის დათესვას ლამობს, რათა ჩვენი საზოგადოება რუსოფობიით მოიწამლოს და ჩვენი შვილები ანტირუსული სულისკვეთებით აღიზარდონ. დღეს ხომ საქართველოში ათასი ჯურის „шПИК“ი ერთობ დაფასებულია: ჯერ კიდევ გუშინ – სტუმარმა, დღეს კი სამთავრობო წრეებში გავლენიანმა პანფილოვმა პრეზიდენტ სააკაშვილისგან არა მარტო საქართველოს მოქალაქეობა, არამედ, როგორც ამბობენ, სოლიდური უძრავი ქონება მიიღო თბილისსა და აჭარაში. და კიდევ უფრო მეტსაც მიიღებდა, რომ არა ყველაზე პირველი ლედის მისამართით, როგორც ავი ენები იტყვიან, უპატივცემულო ტონით გამოთქმული შენიშვნები, რომელმაც ფასეული მითითებები მისცა და ამით მისი პროფესიული „ღირსება“ „შელახა“, რის შემდეგაც სანდრიკა „ჩრდილში“ მოაქციეს, ჩვენ კი „ПИК“-ის ახალი „лик“ი მოგვევლინა – მისი ამჟამინდელი მფლობელის, ბრიტანელი რობერტ პარსონსის სახით, რადიოსადგურ „BBC“-ის ქართული სამსახურის ყოფილი უფროსი („ინტელიგენტური სერვისის“ მოყვარული უნიჭო კაცი, შევარდნაძესა და სააკაშვილზე გადაღებული ფილმების ავტორის, ქალბატონი კირთაძის მეუღლე);

– 13 რესპონდენტმა განაცხადა, რომ დროდადრო უყურებენ „ПИК“-ს, თუმცა კონკრეტულად ვერ დაასახელეს გადაცემები, რომლებიც ბოლო ხანებში ნახეს.

„აგრესორისა და ოკუპანტის წინააღმდეგ ამომძირკველი პროპაგანდისთვის არაფერს დავინანებთ! რა მოხდა მერე – რაღაც 20 მილიონი დამატებით გამოიყო?! ამ თანხის გამოყოფა იმათ გვიბრძანეს, ვინც ფულს გვაძლევს და უფრო მეტსაც მოგვცემს! ხოლო თუ ბრძანებას არ შევასრულებთ, გრანტებსა და კრედიტებს მომავალში თვალითაც ვეღარ ვიხილავთ!“ – რომ არ ეშინოდეს, ალბათ, ასე უპასუხებდა საქინფორმის ჟურნალისტს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

თუმცა საქინფორმის მკითხველებისთვის მისი პასუხის გარეშეც ისედაც ნათელია – ვისთვისაა ხელსაყრელი რუსეთის სამხრეთით ვითარების დესტაბილიზაცია, რათა აურზაურში, ტერაქტების კვამლის საფარქვეშ შეუმჩნევლად გაიჭრას კასპიის ნავთობსიმდიდრეებისკენ! ხელწერა ხომ ერთი და იგივეა – ჩრდილოეთ აფრიკაშიც, ახლო აღმოსავლეთშიც, ჩრდილოეთ კავკასიაშიც და სამხრეთშიც... თუმცა, „ПИК“-ს კვლავაც მარცხი ელის, როგორც ეს უკვე იყო.