პოლიტიკა
ქართული ძალების როტაცია ავღანეთში

georgia_afgan12 აპრილს ავღანეთში საქართველოს შეიარაღებული ძალების 94 სამხედრო გაემგზავრა. ამით დაიწყო და ორი კვირის განმავლობაში დასრულდება ჰელმანდიში განთავსებული 32-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობის როტაციის პროცესი.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 33-ე ბატალიონის სულ 749 სამხედრო ჩაანაცვლებს კონტინგენტს, რომელიც ჰელმანდიში ნოემბრიდან მსახურობს. წინა როტაციის ფარგლებში, 32-ე ბატალიონმა 31-ე ბატალიონი შეცვალა.

33-ე ბატალიონის ჯარისკაცებმა, რომლებიც საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალების (ISAF) ოპერაციაში ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში ჩაერთვებიან, ექვსთვიანი ინტენსიური მომზადების კურსი გაიარეს.

სულ 7 ქართველი სამხედრო დაიღუპა ავღანეთში მას შემდეგ, რაც ქვეყანა 2009 წლის ნოემბერში ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციას შეუერთდა.

ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების რაოდენობა 2010 წლის აპრილიდან, დაახლოებით, 950-მდე გაიზარდა. მიმდინარე წლის თებერვალში კი საქართველომ მიიღო გადაწყვეტილება ავღანეთის შეიარაღებული ძალების გასაწვრთნელად საარტილერიო ინსტრუქტორთა გაგზავნის თაობაზე.