უცხოეთი
პუტინმა ლუკაშენკოს მხარდასაჭერად რუსეთში სამართალდამცველთა რეზერვი შექმნა

 საქართველო, 31 აგვისტო, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დღეს, 27 აგვისტოს განაცხადა, რომ რუსეთმა სამართალდამცველების სარეზერვო კონტინგენტი შექმნა და “საჭიროების შემთხვევაში” მზად არიან, ბელორუსს დაეხმარნონ. ამის შესახებ ინფორმაციას meduza ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული განცხადება პუტინმა რუსეთის სამთავრობო ტელევიზიასთან — “რასიასთან” ინტერვიუს დროს გააკეთა და აღნიშნა, რომ ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანრ ლუკაშენკოს თხოვნით იმოქმედებს.

“რუსული ძალები მანამ არ იქნებიან გამოყენებული, სანამ ბელორუსში ესქტრემისტული ელემენტები ხაზს არ გადაკვეთენ და მაროდიორობას არ დაიწყებენ”, — განაცხადა პუტინმა.

9 აგვისტოს არჩევნების შედეგებით, რომლებიც ბელორუსის საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა, ალექსანდრე ლუკაშენკო დიდი უპირატესობით ლიდერობს. მის მთავარ კონკურენტად მიჩნეული სვეტლანა ტიხანოვსკაია შედეგებს არ აღიარებს.

არჩევნების შემდგომ ბელორუსში დაიწყო ფართომასშტაბიანი საპროტესტო გამოსვლები ლუკაშენკოს წინააღმდეგ და ხელახალი არჩევნების მოთხოვნით. ბელორუსში აქციების ორგანიზებისათვის აქტიურად იყენებენ “ტელეგრამს”. პროტესტის პირველ დღეებში პოლიციამ 6 000-ზე მეტი ადამიანი დააკავა, ძალოვნების ქმედებებისა და შეტაკებების შედეგად დაშავდა ასობით მოქალაქე. ადამიანები, რომელთაც დაკავების იზოლატორები უკვე დატოვეს, სასტიკი წამების შესახებ ყვებიან. დადასტურებულია ინფორმაცია სამი დაღუპულის შესახებ.

ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქციები ბელორუსის დედაქალაქსა და დიდ ქალაქებში 16 აგვისტოს გაიმართა. გაფიცულნი არიან მსხვილი ქარხნების მუშები და სახელმწიფო ტელევიზიის თანამშრომელთა ნაწილი. 17 აგვისტოს ლუკაშენკოს არაერთგზის მოუწია უკმაყოფილო შეძახილების მოსმენა სატრაქტორო ქარხნის მუშების მხრიდან, რომელთა წინაშეც ის სიტყვით გამოვიდა.

აღნიშნული გამოსვლისას ლუკაშენკომ გამორიცხა ხელახალი არჩევნების ჩატარება, თუმცა მისი რიტორიკა ნაწილობრივ შეიცვალა დღის ბოლოს: მან თქვა, რომ ახალი არჩევნები მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

ალექსანდრე ლუკაშენკომ არაერთგზის ახმიანებს ხისტ შეფასებებს დემონსტრაციების მონაწილეთა მიმართ და ამბობს, რომ ისინი საზღვარგარეთიდან იმართებიან. 19 აგვისტოს კი თქვა, რომ სახელმწიფომ არმიის ნაწილები ბელორუსის დასავლეთ საზღვრებთან გადაისროლა უცხო ქვეყნების მთავრობების განცხადებების საპასუხოდ. საუბარია განცხადებებზე, რომლებითაც დასავლეთის ქვეყნები კრიტიკულად აფასებენ ვითარებას ბელორუსის შიგნით.

ალექსანდრე ლუკაშენკო ბელორუსს 26 წელია მართავს.

netgazeti.ge