პოლიტიკა
ლევან გაჩეჩილაძე მორიგ საჰაერო სკანდალში გაეხვა

airzena_TBროგორც ავიაკომპანია „აირზენას“ ბორტგამცილებლები განმარტავენ, გაჩეჩილაძე პარიზის მიმართულებით გასაფრენად ბორტზე არაფხიზელ მდგომარეობაში ავიდა. ის ეკიპაჟის წევრების მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვებით გამოირჩეოდა.

„ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც გაჩეჩილაძეს ბორტგამცილებლის ღილაკზე ფეხის დაჭერის გამო შენიშვნა მივეცით. ამის მერე მან გინება დაიწყო და როდესაც საქმეში ხომალდის მეთაური ჩაერთო, გაჩეჩილაძემ მასზე ფიზიკური შეურაცხყოფაც სცადა“, – განმარტავენ ბორტგამცილებლები.

ლაინერის ხელმძღვანელმა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ოქმიც შეადგინა, რის საფუძველზეც პარიზში ჩაფრენისთანავე ის ფრანგ სამართალდამცველებს გადასცეს. მათ კი ქართველი ოპოზიციონერი ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით თავად გაჩეჩილაძე კომენტარს არ აკეთებს, თუმცა მისი თანაგუნდელის – ეროსი კიწმარიშვილის განცხადებით, „ეს ინფორმაცია არის მტკნარი სიცრუე და „აირზენას“ ბორტგამცილებლებს განცხადების გაკეთება სპეცსამსახურებმა აიძულეს“.