უცხოეთი
ვლადიმერ ზელენსკი - რუსეთის პრეზიდენტთან პირდაპირი დიალოგის არ მეშინია, თუკი დიალოგი არ გვექნება, არ გვექნება შედეგიც

 საქართველო, 27 აგვისტო, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტთან პირდაპირი დიალოგის არ მეშინია, ვფიქრობ, ამის გაკეთება სწორი ნაბიჯია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ „ევრონიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, თუკი დიალოგს ომის დასრულების კუთხით შედეგი მოაქვს, მასზე უარის თქმა არ შეიძლება.

„თუკი დიალოგის შესაძლებლობა გვაქვს და მისი შედეგები ომის დასრულებასთან გვაახლოვებს, მაშინ ამის გაკეთება აუცილებელია, მიუხდავად იმისა, რამდენად განსხვავებული რეაქცია ექნება ამაზე ხალხს. თუკი არ გვექნება დიალოგი, არ გვექნება შედეგიც,“- აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, მასსა და ვლადიმერ პუტინს შორის დიალოგი აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლის წინ გაიმართა.

„რუსეთის პრეზიდენტს ცეცხლის შეწყვეტის ძალაში შესვლის წინ ვესაუბრე და ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებული რთული საკითხები განვიხილეთ. ამ დიალოგის შედეგი დღემდე სახეზე გვაქვს და ამას ყველა ვხედავთ. რუსეთთან პირდაპირი დიალოგის არ მეშინია და მიმაჩნია, რომ ეს სწორი ნაბიჯია,“- აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ომი მიმდინარე წელს დასრულდება.

„ვფიქრობ, ნორმანდიის ფორმატში დაგეგმილი მეორე შეხვედრა ნიშნავს, რომ ომის დასურლების დიდი შანსი არსებობს. მინდა მჯეროდეს, რომ ომი წელს დასრულდება. მართლა მსურს, ამის მჯეროდეს და მჯერა კიდეც,“- აღნიშნა ზელენსკიმ.

interpressnews.ge