საქართველო, 25 აგვისტო, საქინფორმი. გაერთიანებულმა ოპოზიციამ „თბილისი მარიოტში“ შეხვედრა გამართა, სადაც არჩევნებთან დაკავშირებით, მათ მიერ შემუშავებულ მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმში საუბარია, თუ როგორ უნდა დაიცვას ოპოზიციამ ამომრჩეველთა ხმები არჩევნებზე.
როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მათი ამოცანაა, ხელისუფლება მშვიდობიანად შეიცვალოს.
„ოპოზიციის თანაამშრომლობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რომ „ქართულ ოცნებას“ არჩევნები არ გავაყალბებინოთ. როგორც ვაიძულეთ და ოპოზიციის კონსოლიდაციით 8 მარტის შეთანხმებას ხელი მოაწერეს, ასეთივე თანამშრომლობითი მექანიზმი უნდა ჩამოვაყალიბოთ არჩევნების გაყალბების კუთხით. მაგალითად, მე შევთავაზებ ტექნოლოგიურ უზრუნველყოფებს, რომელიც დავტესტეთ 2018 წელს, რომელშიც თუ ყველა ჩავერთვებით და ყველა მივიღებთ მონაწილეობას, შევძლებთ დავიცვათ ხმები. „ქართული ოცნებისთვის“ მაქვს კიდევ რამდენიმე სიურპრიზი გამზადებული, რომელსაც წინასწარ არ ვიტყვი, მაგრამ ჩემს კოლეგებს გავუზიარებ. ეს არის ტექნოლოგიური სიურპრიზები, რომელსაც ისინი მიიღებენ არჩევნების დღეს და არჩევნებამდე, რომ ვერ შეძლონ გაყალბება“, – განაცხადა ვაშაძემ.
ამასთან, „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშილი აცხადებს, რომ ოპოზიციას თითოეული ამომრჩევლის ხმის დაცვა მოუწევს.
„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ხელი ეწერება დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც, უკლებლივ ყველა ოპოზიციური პარტია, ვინც გაერთიანებული იყო „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში, ვალდებულებას იღებს დაიცვას ყველა სხვა ოპოზიციის ხმები, რაც არის საზოგადოების მოთხოვნა და თითოეული ჩვენგანის ვალდებულება. მექანიზმებზე შევთანხმდებით. ამაზე საუბარი შეიზლება ცოტა ადრეც იყოს. დრო გვაქვს საკმარისად, რომ დეტალებზე მერე ვისაუბროთ“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.