აქტუალური
ლარის გამყარება არა მოსახლეობის, არამედ იმპორტიორების ჯიბეზე აისახება

erovnuli_bankS1 აპრილიდან დღემდე ლარი დოლართან მიმართებაში, დაახლოებით, 2%-ით, ევროსთან მიმართებაში კი, დაახლოებით, 1,2%-ით გამყარდა. ეს არის ეროვნული ბანკის ანტიინფლაციური პოლიტიკის ნაწილი. ეროვნული ბანკი ცდილობს, გაამყაროს ლარი, რადგან ქვეყანაში მაღალი ინფლაციაა და, ბუნებრივია, ლარის კურსი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ფასების მერყეობას ქვეყანაში.

ფულის მასის შემცირების მიუხედავად, ინფლაციის მრუდი მაინც ზემოთ მიცოცავს. ამასთან, ლარის კურსის გამყარება, გარკვეულწილად, აძვირებს ადგილობრივ წარმოებას და ახალისებს იმპორტს. თუმცა, ექსპერტების აზრით, იმის მიუხედავად, რომ, ზოგადად, ეროვნული ვალუტის გამყარება ყოველთვის აძვირებს ადგილობრივ პროდუქციას და, შესაბამისად, ექსპორტის მოცულობა ამ დროს მცირდება, ქართულ ექსპორტს პრობლემები არ შეექმნება, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ქვეყნის ექსპორტის მოცულობა ძალიან მცირეა.

სამაგიეროდ, გაიზრდება იმპორტის მოგების მარჟა, რადგან იმპორტიორებს უფრო იაფი უჯდებათ ამ კურსთა შორის სხვაობით შემოტანილი პროდუქცია. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც ჩვენთან ლარი უფასურდება და მყისიერად გვიძვირდება იმპორტირებული პროდუქცია, ლარის გამყარების პარალელურად, რა თქმა უნდა, არასდროს მოჰყვება ხოლმე ამას პროდუქციის გაიაფება. შესაბამისად, მოგების ის მარჟა, რომელიც კურსთა შორის სხვაობით დარჩებათ კომპანიებს, ძირითადად, იმპორტიორებისა და არა მომხმარებლების სარგებელი იქნება. ყოველივე ამის შესახებ საქინფორმს ექსპერტი ირაკლი ლიქვინიძე ესაუბრა.