საქართველო, 21 აგვისტო, საქინფორმი. „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავი, სავარაუდოდ, ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „მთავარი არხი“ ავრცელებს (ვიდეო იხ. აქ).
მათივე ცნობით, დავით თარხან - მოურავი და ირმა ინაშვილი 2 დღის წინ ენგურის ხიდის გავლით ოკუპირებული რეგიონის ტერიტორიაზე გადავიდნენ და დაახლოებით 4 საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ტერიტორია მათ ღამის 12 საათისკენ დატოვეს.
როგორც „მთავარი“ იუწყება, მათ უპრობლემოდ გაიარეს ბლოკ საგუშაგოები, რომელსაც ქართველი სამართალდამცველები აკონტროლებენ, მათ შორის საგუშაგო, სადაც სპეცდანიშნულების რაზმი დგას.
ენგურის ხიდთან, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა ჩაკეტილია, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი სპეციალურმა მანქანამ მიაცილა. ორივე მათგანი ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებმა ერთ-ერთმა მოქალაქემ დაინახა.
გავრცელებული ინფორმაციის დასაზუსტებლად ახალი ამბების სააგენტო PIA.GE-მ ირმა ინაშვილთან დაკავშირება სცადა, თუმცა სატელეფონო ზარს მის ნაცვლად მისმა თანაშემწემ უპასუხა. როგორც მან აღნიშნა, ირმა ინაშვილის და თარხან-მოურავის ოკუპირებულ აფხაზეთში შესაძლო გადასვლის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
PIA.GE-მ პარტიაშიც სცადა ინფორმაციის გარკვევა, სადაც განაცხადეს, რომ რამდენიმე დღეში ირმა ინაშვილი ბრიფინგს გამართავს, სადაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებითაც ისაუბრებს.