საზოგადოება
იგორ დოლგოვი - ბელარუსში არჩევნების შედეგებს არ ვაღიარებთ

 საქართველო, 20 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოში უკრაინის ელჩის იგორ დოლგოვის განცხადებით, ოფიციალური კიევი არ აღიარებს ბელარუსის არჩევნების შედეგებს და იმედს გამოთქვამს, რომ ქვეყნის ხელისუფლება მოსახლეობის კეთილ ნებას მხედველობაში მიიღებს.

უკრაინის ელჩის თქმით, ბელარუსში, საპატიმროებში ჯერ კიდევ ბევრი უდანაშაულო ადამიანი რჩება და ქვეყანაში არსებული ვითარება, არა მხოლოდ ბელარუსისა და მეზობელი ქვეყნების, არამედ მთელი ევროპის პრობლემაა.

ეს არ არის მხოლოდ ბელარუსის პრობლემა. არც მხოლოდ მეზობლების პრობლემაა, არამედ მთელი ევროპის და რატომ? იმიტომ, რომ ბელარუსის მოსახლეობის ნება უგულებელყოფილ იქნა, რადგან ხელისუფლებამ და საპოლიციო ძალებმა ჩაახშეს მოქალაქეების მშვიდობიანი მანიფესტაცია. არჩევნების დღიდან, უკვე პროტესტის მეათე დღეს ვუყურებთ მინსკში და, რა თქმა უნდა, ვიმედოვნებთ, რომ ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის დიალოგი შედგება, ბელარუსმა დახმარებისა და დიალოგის ფასილიტაციის უკვე არაერთი შეთავაზება მიიღო. რა თქმა უნდა, პირველი, რასაც ველით, არის ის, რომ ამ პროცესების დროს დაპატიმრებული ყველა მოქალაქე გათავისუფლებული იქნება საპატიმროდან. მინდა შეგახსენოთ, რომ უკრაინელებიც დააპატიმრეს ბელარუსის ტერიტორიაზე და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საელჩოს ჩართულობით მათი გათავისუფლება მოხდა, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი უდანაშაულო ადამიანი რჩება საპატიმროში.

ჩვენ არ ვემხრობით მსგავს ქმედებას, არ ვაღიარებთ და არ გვჯერა არჩევნების შედეგების და ვიმედოვნებთ, რომ დიალოგი შედგება და ვიმედოვნებთ, რომ ხალხის კეთილი ნება ბელარუსის ხელისუფლების მიერ მხედველობაში იქნება მიღებული“, - განაცხადა იგორ დოლგოვმა.