საზოგადოება
„როიტერი“ - პანდემიის შედეგად საქართველოს რეგიონებში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა გაიზარდა

 საქართველო, 20 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოში კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ქალაქგარეთ მდებარე უძრავ ქონებაზე მოთხოვნა გაიზარდა. ამის შესახებ სტატიას სააგენტო „როიტერი“ აქვეყნებს.

სტატიაში საუბარია 45 წლის ინჟინერ ლექსო ჩარკვიანზე, რომელიც სოფლებში მიტოვებული სახლებისთვის ახალ მეპატრონეებს ინტერნეტით ეძებს.

როგორც „როიტერსი“ წერს, ჩარკვიანმა მხოლოდ რაჭა-ლეჩხუმის რაიონში ბოლო ორ წელიწადში 70 სახლი გაყიდა.

კორონავირუსის გამო ქალაქგარეთ მდებარე უძრავი ქონების მიმართ ინტერესი საგრძნობლად გაიზარდა, რადგან ადამიანები უფრო დიდ სახლებს ეძებენ, რომელიც დისტანციური მუშაობისთვის გამოდგება, უფრო იაფი ჯდება და მჭიდროდ დასახლებული ადგილებიდან შორსაა, რაც ინფიცირების რისკებს ამცირებს“, – წერს სააგენტო.

სააგენტოსთან საუბარში ჩარკვიანი აცხადებს, რომ პანდემიის შედეგად ქალაქის მცხოვრებლებმა გააცნობიერეს, რომ მათ სჭირდებათ სოფლის სახლი, „ადგილი, სადაც საჭიროების შემთხვევაში შეგიძლია განმარტოვდე“.