საზოგადოება
ოპოზიციამ საერთო კანდიდატები თბილისის დარჩენილ ორ ოლქშიც დაასახელა

 საქართველო, 19 აგვისტო, საქინფორმი. ლეიბორისტული პარტიის ოფისში 18 აგვისტოს გამართული შევედრის შემდეგ, ოპოზიციურმა პარტიებმა საერთო კანდიდატები თბილისის დარჩენილ ორ ოლქშიც დაასახელეს.

გაერთიანებული ოპოზიციის სახელით, დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში კენჭს პარტია გირჩის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ-გირჩი ჯაფარიძე იყრის. საბურთალოს ოლქში კი – გაერთიანებულ ოპოზიციას პარტია გამარჯვებული საქართველოს ერთ-ერთი დამფუძნებელი ირაკლი ოქრუაშვილი წარადგენს.

დანარჩენ 6 ოლქში ოპოზიციის სახელით ასევე ამომრჩევლების ხმებისთვის იბრძოლებენ:

ელენე ხოშტარია – ევროპული საქართველო – ვაკე;

ნიკა მელია – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გლდანი;

გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი – ისანი;

ლევან ხაბეიშვილი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – სამგორი;

შალვა შავგულიძე – თავისუფალი დემოკრატები – მთაწმინდა-კრწანისი;

შალვა ნათელაშვილი – ლეიბორისტული პარტია – ნაძალადევი.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა და ოპოზიციის გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ პარტია დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში ჯაფარიძეს მხარს ღიად უჭერს და მას „ქართული ოცნების კანდიდატის დამარცხებაში დაეხმარება“. რაც შეეხება საბურთალოს ოლქს, იმის გათვალისწინებით, რომ აქ „არაერთი ღირსეული ოპოზიციური კანდიდატია“ წარმოდგენილი, პარტია ამ ოლქში უბრალოდ კონკურენტ კანდიდატს არ დაასახელებს.

მანვე იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიცია უახლოეს პერიოდში ერთობლივ დეკლარაციასაც მოაწერს ხელს, სადაც დაფიქსირებული იქნება, რომ ოპოზიციური პარტიები ქართულ ოცნებას კოალიციას არ შეუქმნიან, „რომელმაც 8 წლის განმავლობაში ჩამოშალა ყველაფერი, რისი ჩამოშლაც შეიძლებოდა“. „უახლოეს პერიოდში მთელ საქართველოს ეცოდინება, რომ ბიძინა ივანიშვილს არავინ, არასდროს, ამ ქვეყნის საზიანოდ კოალიციას არ შეუქმნის“, – დასძინა მანვე.

თბილისის მასშტაბით, საერთო მაჟორიტარობის კანდიდატებზე ოპოზიციურ პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმებით კმაყოფილია ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერიაც. მისივე შეფასებით, ოპოზიციის საერთო კანდიდატებს საარჩევნო ბრძოლის პირველივე ტურში დასრულების „ძალიან მაღალი შანსი“ აქვთ.

ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ ამ ოპოზიციურ სპექტრს აქვს უნარი მწვავე უთანხოებების მიუხედავად, რაც არის ნორმალური დემოკრატიისთვის, როდესაც საქმეს სჭირდება, იქ ქვეყნის რისკები შეამციროს“, – თქვა ბოკერიამ და დასძინა, რომ „ივანიშვილის დამარცხება და მშვიდობიანად მისი გასტუმრება არის საკვანძო ამოცანა მთელი ქვეყნისთვის“.

ხმების „ურთიერთდაცვაზე“ ოპოზიციურ პარტიების მიერ მიღებული დეკლარაციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა და თქვა, რომ „რეჟიმს 31 ოქტომბერს დედაქალაქი დაკარგული აქვს“.

ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში ქართული ოცნების ერთ-ერთი „მთავარი სახის“, გია ვოლსკის დამარცხებას გეგმავს ზურაბ ჯაფარიძე. მისივე თქმით, შეთანხმებისამებრ, იმ ოლქებში, სადაც ოპოზიციის საერთო კანდიდატები არიან წარდგენილები, მისი პარტია მაჟორიტარობის საკუთარ კანდიდატებს არ დაასახელებს.

კანდიდატებზე ოპოზიციურ პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმების მნიშვნელობა აღნიშნა ირაკლი ოქრუაშვილმაც და თქვა, რომ საბურთალოს ოლქში მისი წარდგენა „არის დიდი პატივი და დიდი გამოწვევა“. მანვე მთავარ კონკურენტად ბიძინა ივანიშვილი დაასახელა, რომელიც ოქრუაშვილისვე შეფასებით, „გაზრდილ კრიმინალთან, კორუფციასთან და უპერსპექტივობასთან“ ასოცირდება.