საქართველო, 18 აგვისტო, საქინფორმი. მნიშვნელოვანია მედიის როლი, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობა, გააშუქოს წყაროების მიხედვით დადასტურებული, გადამოწმებული ინფორმაცია, რათა ხელი არ შეუწყონ არასწორი ინფორმაციის გავრცელებას, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.
როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, დღევანდელი კიბერუსაფრთხოების ცენტრის გახსნა არის ერთ-ერთი მაგალითი, როგორ ემზადება საქართველო პოტენციური თავდასხმებისა და საფრთხეების თავიდან აცილებისთვის.
„გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ შეძლოს ყალბი ამბების ნამდვილისგან გარჩევა და აშშ-ის საელჩო ამისთვის ძალიან ბევრ სხვადასხვა პროგრამას ახორციელებს. ამასთანავე, ძალიან მნიშვნელოვანია მედიის როლი, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობა, გააშუქოს წყაროების მიხედვით დადასტურებული, გადამოწმებული ინფორმაცია, რათა ხელი არ შეუწყოს არასწორი ინფორმაციის გავრცელებას. როგორც ხედავთ, ცესკო ამ მიმართულებით მუშაობს, მაგრამ ეს არის ერთობლივი ძალისხმევა როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის, ასევე მედიისა და საზოგადოების, რომ მათ შეძლონ ფაქტებისა და არასწორი ინფორმაციის გარჩევა“, – განაცხადა დეგნანმა.
საქართველოში აშშ-ის ელჩმა, USAID-ის მისიის ხელმძღვანელმა და ცესკო-ს თავმჯდომარემ გუშინ ცესკო-ს განახლებული სასერვერო ინფრასტრუქტურა გახსნეს.