საქართველო, 18 აგვისტო, საქინფორმი. აფხაზი ვეტერანების ორგანიზაცია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრს „საქართველოს ინტერესების ლობირებაში“ ადანაშაულებს. ორგანიზაცია „არუაა“ აპროტესტებს ალექსანდრ ანქვაბის განცხადებას, რომელშიც მან გალის რაიონის მცხოვრებლებისთვის აფხაზური პასპორტების ჩამორთმევას უსამართლობა უწოდა.
„მოვუწოდებთ პრემიერ-მინისტრს, არ გადაიყვანოს პრობლემა ეთნიკურ განზომილებაში, რითაც ნაციონალისტურ განწყობებს აღვივებს, რადგან საქმე აფხაზეთის აღმოსავლეთ რაიონებში მცხოვრები მოქალაქეების ეთნიკური წარმომავლობას არ ეხება. საქმე ეხება იმას, რომ მათი უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეა“, – ნათქვამია აფხაზი ვეტერანების განცხადებაში.
მათივე თქმით, „აფხაზეთში კანონი ორმაგი მოქალაქეობას კრძალავს და გამონაკლისს წარმოადგენს რუსეთის მოქალაქეობა“.
„ასევე ჩვენთვის გაუგებარია, რატომ იცავს პრემიერ-მინისტრი ანქვაბი საქართველოს მოქალაქეების უფლებას ჰქონდეთ აფხაზეთის მოქალაქეობა და ამავე დროს მას არ ახსენდება სხვა ქვეყნების მოქალაქეები, რომლებიც დიდი ხანია, ცხოვრობენ აფხაზეთში – რუსეთის, საბერძნეთის, თურქეთის, სომხეთის, ბელარუსის, უკრაინის მოქალაქეები, ანუ იმ ქვეყნების მოქალაქეები, რომლებიც აფხაზეთთან საომარ მდგომარეობაში არ არიან? ანქვაბს მიაჩნია, რომ ფრაზა – „ისინი ჩვენს წინააღმდეგ არ ომობდნენ“ შეიძლება კანონში ჩაიწეროს და ეს საკმარისი საბაბია, რათა აფხაზეთის მოქალაქეობა მიიღო?“ – ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაციის წევრები მოითხოვენ, ანქვაბმა საჯაროდ უარყოს განცხადება, რომელშიც გალის მცხოვრებლებისთვის აფხაზური პასპორტების ჩამორთმევას უსამართლო უწოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში აფხაზი ვეტერანები პრემიერ-მინისტრს „უსიამოვნო გადაწყვეტილებებს მიღებით ემუქრებიან“.
„სამწუხაროდ, ანქვაბი ლობირებს იმ ქვეყნის ინტერესებს, რომელთანაც ჩვენ საომარ მდგომაროებაში ვართ და იმ საკითხების იგნორირებას ახდენს, რომლებიც ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას ეხება“, – ნათქვამია განცხადებაში.
ანქვაბი გააკრიტიკეს ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი ე.წ. პოლიტიკური პარტია „აფსნის“ წევრებმაც. მათი თქმით, „ახალი მთავრობა რთული ეკონომიკური სიტუაციის დროს საქართველოსთან თანამშრომლობის საკითხს განიხილავს“.