საზოგადოება
ანქვაბი - გალში მცხოვრები ქართველები ჩვენი მოქალაქეები არიან

 საქართველო, 17 აგვისტო, საქინფორმი. აფხაზეთის „მთავრობის“ მეთაურმა ალექსანდრე ანქვაბმა 13 აგვისტოს საინფორმაციო სააგენტო „აფსნიპრეს“-თან საუბარში თქვა: „აფხაზეთში მცხოვრებ ყველა ქართველს, რომელთაც ჩვენ წინააღმდეგ არ უბრძოლიათ, ჩვენს მოქალაქეებად მივიჩნევთ“.

უსამართლობად მიგვაჩნია მათთვის აფხაზური პასპორტების ჩამორთმევა. ეს ჩვენი შიდა საქმეა“, – აღნიშნა ანქვაბმა.

ანქვაბმა აღნიშნულზე მას შემდეგ ისაუბრა, რაც ცოტა ხნის წინ, „ამერიკის ხმამ“ თავის სტატიაში, სხვა საკითხებთან ერთად, აფხაზეთის „უშიშროების საბჭოს“ მდივნის, სერგეი შამბას განცხადებაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც გალელების მოქალაქეობის საკითხს ეხებოდა.

სოხუმის სტატისტიკური მონაცემებით, 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, გალის რაიონის ტერიტორიაზე 30 259 პირი ცხოვრობდა. 2014 წელს მათ უმრავლესობას სოხუმმა ე.წ. „მოქალაქეობა“ ჩამოართვა და 2017 წლიდან ბინადრობის ნებართვები გასცა, რაც გალელებს პოლიტიკურ უფლებებს ართმევს.

„ამერიკის ხმის“ სტატიაში, რომელსაც ანქვაბის კომენტარი მოჰყვა, შერიგების საკითხებში საქართველოს ყოფილი მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის მოსაზრებაც არის, რომლის თანახმადაც, აფხაზეთის მოქმედი ხელმძღვანელობა თბილისის მიმართ „კონსტრუქციული“ დამოკიდებულებითაა ცნობილი.

ზაქარეიშვილის საპასუხოდ, ანქვაბმა აღნიშნა: „აფხაზეთის ყოფილი ან მოქმედი ხელმძღვანელობიდან საქართველოსთან ომისკენ არასდროს არავის მოუწოდებია. პირიქით, ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ ამ ქვეყანას საომარი მოქმედებების განუახლებლობის შესახებ შეთანხმების დადებისკენ, მშვიდობიანი მეზობლობისკენ“. „ამაზე ახლაც ვსაუბრობთ. აფხაზეთი არავისთან განიხილავს საკუთარი დამოუკიდებლობის საკითხს“, – დასძინა მანვე.

და თუ ეს ორი მყარი პოზიცია ვინმეს მიერ განიხილება, როგორც „კონსტრუქციული დამოკიდებულება“, ისინი მართლები არიან. ჩვენი კონსტრუქციულობა იმაში გამოიხატება, რომ ჩვენ ომის განახლების წინააღმდეგ ვართ და სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერას ვემხრობით“, – განაცხადა ანქვაბმა.

ანქვაბმა ზაქარეიშვილის განცხადების ის ნაწილიც გააკრიტიკა, სადაც მან თქვა, რომ აფხაზეთის მოქმედი ხელმძღვანელობა „ნაკლებად პრორუსულია“, ვიდრე წინა და მას „სასაცილო“ უწოდა.

აფხაზეთის პოლიტიკურ სივრცეში ასეთი ხელმძღვანელი არ ყოფილა და არც არის. ეს სავსებით ეხება როგორც პრეზიდენტ ბჟანიას, ისე ანქვაბს, შამბას და ხაჯიმბას“, – დასძინა მან.