პუბლიკაციები
გიორგი დემურაძე: „ყმაწვილები სპორტით უნდა დაკავდნენ, რომ ქუჩას მოსწყდნენ“

velo-11საქინფორმის სტუმარია სპორტის ოსტატი ველოსპორტში, მოზარდთა მწვრთნელი გიორგი დემურაძე. იგი საქართველოში სპორტის ამ სახეობის მდგომარეობასა და პერსპექტივებზე გვესაუბრება.

–  ბატონო გიორგი, რა ისტორია აქვს ველოსპორტს საქართველოში და რამდენად პერსპექტიული სახეობაა?

საქართველოში ველოსპორტის განვითარების ისტორია XIX საუკუნის ბოლოდან იწყება, როცა სამხედრო ინჟინერმა, თავადმა ვასილ ჯორჯაძემ თბილისში, ახლანდელი უზნაძის ქუჩაზე, პირველი ველოტრეკი ააგო. ტრეკი 125 წელს ითვლის. ძველ ველოსიპედისტთა გადმოცემით, აქ 1886 წლიდან უკვე იმართებოდა შეჯიბრებები, მაგრამ უსახსრობის გამო მალე დახურულა.

მოგვიანებით ტრეკი ვასილ ჯორჯაძეს გამოუსყიდია და ტურნირი მოუწყვია. როგორც ამბობენ, ამ ტურნირში სწორედ ჯორჯაძემ გაიმარჯვა, ამიტომაც არის, რომ საქართველოს პირველ ველოსიპედისტად ვასილ ჯორჯაძე ითვლება.

მას შემდეგ ტრეკი რამდენჯერმე საფუძვლიანად გადაკეთდა.

ქართული ველოსპორტის ისტორია მდიდარია წარმატებულ სპორტსმენთა სახელებით: ოთარ დადუნაშვილი (ოლიმპიელი), ომარ ფხაკაძე, ავთანდილ გუნია, შოთა კაცაძე, ემზარ გელაშვილი, ოთარ მჭედლიშვილი და სხვ. ისინი გაცილებით ბევრნი არიან, ვიდრე დღეს ვინმეს წარმოუდგენია.
70-იან წლებში თბილისში ცენტრალური ველოტრეკი აშენდა, რომელიც თავისი ტექნიკური მონაცემებით უტოლდებოდა იმდროინდელ მსოფლიოს საუკეთესო ტრეკებს. საქართველოში უკვე რეგულარულად იმართებოდა პოპულარული საერთაშორისო ტურნირები. 90-იან წლებში ეს ტრადიცია შეწყდა, მოგვიანებით კი, ეკონომიკური პრობლემების გამო, საქართველოში ველოსპორტის განვითარება მნიშვნელოვნად შეფერხდა.

დღესდღეობით გაუქმებულია ცენტრალური ველოტრეკი, ზემოხსენებული ტრეკიც ამორტიზებულია.

საჭირო შეიქნა არა მხოლოდ მაშინდელი სტანდარტების, არამედ თანამედროვე ევროსტანდარტების ველოტრეკის აგება, რაც უკვე 21-ე საუკუნეში კომპანია „ვისოლ პეტროლეუმ ჯორჯიამ“ განახორციელა და კავკასიაში ველოსპორტისა და რაგბის თანამედროვე სპეციალიზებული სპორტული ცენტრი გახსნა.

ეს დიდი დიღმის ახალი კომპლექსი 200-მეტრიანი დისტანციის ხის ღია ველოტრეკისა და რაგბის ორი ღია მოედნისგან შედგება. სწორედ მის ბაზაზე ვმეცადინეობთ ახლა, ძველი ველოტრეკის ბავშვებიც აქ გადმოვიდნენ.

–  რამდენი ხანია, თავად მისდევთ ველოსპორტს?

–  1989 წლიდან მწვრთნელად ვმუშაობ. სპორტის ამ სახეობაში მოზარდებს ვავარჯიშებ, ძირითადად, სკოლის ასაკის ყმაწვილებს. ჩვენთან 10 წლის ასაკიდან მოდიან. საკმაოდ ექსტრემული სახეობაა და ფიზიკურად დიდ დატვირთვას მოითხოვს. თითქმის 10 წელია, მცირეოდენ ხელფასზე ვმუშაობთ, რომ არ ჩამკვდარიყო ველოსპორტი და როგორღაც დღემდე მოგვეტანა, მაგრამ მხოლოდ ენთუზიაზმით შორს ვერ წახვალ. არადა, ვგრძნობ, მე სხვანაირად არ შემიძლია, ველოსპორტი ჩემთვის ყველაფერია – იმედი, პერსპექტივა, შეგრძნება, რომ ჯერ კიდევ მაქვს ძალა, რაღაც გავაკეთო მოზარდებისთვის, რომლებიც დიდი სურვილით მოდიან აქ და როცა შრომის ნაყოფს ვხედავ უამრავი წარმატებული სპორტსმენის სახით, ჩემთვის სტიმულია, ჩამუხლვის უფლება არ მაქვს, მეც მათსავით ვხარობ და ვლაღობ. რამდენიმე წლის წინათ ახალგაზრდულ ნაკრებსაც ვავარჯიშებდი.

–  საერთოდ, დღეს რა მდგომარეობაა სპორტის ამ სახეობაში საქართველოში?

–  დღეს სპორტსაც და, კერძოდ, ველოსპორტსაც უჭირს. მაგრამ უმოქმედოდ ვერ გავჩერდებით. საუკუნოვანი გამოცდილება და სახელი, რაც ძველი თაობების ველოსპორტსმენებმა მოუტანეს საქართველოს, უნდა შევინარჩუნოთ და განვავითაროთ. სპორტის ამ სახეობის წინსვლა დღეს თითქმის ქველმოქმედების იმედადაა დარჩენილი. საბედნიეროდ, ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც შეძლებისდაგვარად გვეხმარებიან, მორალურად მხარს გვიჭერენ. ჩემი თაობის ველოსპორტსმენებს არ აქვთ უფლება, არ იფიქრონ ახალგაზრდობის აღზრდაზე. სულ ახლახან მე და ჩემმა კოლეგებმა – ლადო ადამაშვილმა, მსოფლიოს რეკორდსმენმა, საბჭოთა კავშირის ხუთგზის ჩემპიონმა, რეზო ხვედელიძემ, კობა აბაიშვილმა, ზვიად ლორთქიფანიძემ, ჩამოვაყალიბეთ გუნდი „კოპალა“. ამ ეროვნულ ფესვებზე შექმნილ გუნდში უკვე გაერთიანდნენ დიდი დიღმის ველოტრეკის აღსაზრდელები – 12 წლის ზევით მოზარდები. საინტერესო გეგმაც შევიმუშავეთ, მხარდაჭერის იმედიც გვაქვს და პერსპექტივაც თვალნათელი იქნება. ჩვენი მიზანია, არ დავუკარგოთ ქვეყანას ის მომავალი ვარსკვლავები, რომლებიც დღეს შეიძლება ქუჩაში უსაქმოდ დგანან. გარდატეხის ასაკში ყმაწვილები ფიზიკურად უნდა იხარჯებოდნენ. ვფიქრობ, ისინი სპორტით უნდა დაკავდნენ, რომ ქუჩას მოსწყდნენ. არც ისაა გამორიცხული, ბავშვთა სახლებიდანაც ჩავაბათ ბიჭები, ეს ხელს შეუწყობს ე.წ. გარიყულთა ადაპტაციას საზოგადოებაში. ისინი მოზღვავებულ ენერგიას კარგ საქმეში დახარჯავენ.

–  სპორტული ინვენტარით, სათადარიგო ნაწილებით ვინ გამარაგებთ?

–  ეს საკმაოდ მტკივნეული საკითხია. არ გვაქვს ველოსიპედები, ძველი, ამორტიზებული და ათასჯერ შეკეთებული ველოსიპედებით ვასწავლით ბავშვებს, ტექნიკურად მეორადებს ავაწყობთ ხოლმე. შეჯიბრება კი არა, უბრალოდ, ყოველდღიურ ვარჯიშზე ტყდება, ცვდება და ხან სად ვშოულობთ ნაწილებს – ხან სად. ჩვენ თვითონვე ვახერხებთ შეკეთებას, ბავშვებიც აქტიურობენ და სწავლობენ. ამ ფონზე შეჯიბრებებზე გასვლასაც ვახერხებთ და საკმაო წარმატებებსაც ვაღწევთ. ხელშეწყობა რომ გვქონდეს, წარმოიდგინეთ, როგორ ვიმუშავებდით და გაცილებით უკეთესი შედეგიც გვექნებოდა. დღეს ბევრ ბავშვს უნდა ჩვენთან ვარჯიში, მაგრამ მშობელს არ აქვს ამის შესაძლებლობა. ელემენტარული, ველოსიპედსა და საბურავებს რომ თავი დავანებოთ, ბავშვს სპეციალური ფორმა სჭირდება, ველოფეხსაცმელი, ჩაფხუტი, ხელთათმანი და ა.შ. გარდა ამისა, სპორტსმენს კვებაც სპეციფიკური ესაჭიროება, რაც დამატებით სახსრებს მოითხოვს და ყველასთვის არ არის ხელმისაწვდომი. ძალიან ბევრი მოზარდი გვტოვებს, სამწუხაროდ, უამრავი კარგი და ჩამოყალიბებული სპორტსმენი წავიდა სხვა ქვეყნებში საკუთარი ძალების მოსასინჯად. ჩვენ ხომ ვკარგავთ მათ. ვცდილობთ, ველოსპორტი არ ჩაკვდეს და კვლავ გავიტანოთ საქართველოს სახელი მსოფლიო არენაზე. იქნებ ვინმემ მოგვხედოს, დაგვეხმაროს, იფიქრონ იმაზე, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესს პირად თუ პროფესიულ ასპარეზზე წარმატების მიღწევაში გადამწყვეტი როლი ენიჭება. არის მცდელობა, რომ ცოტა გამოცოცხლდეს ეს სპორტი, მაგრამ ვნახოთ რა იქნება მომავალში, მარტო ენთუზიაზმით ბევრი არაფერი გამოვა, თუ სახელმწიფო და მთავრობა აქტიურად არ ამოუდგა სპორტს მხარში, სავალალო მდგომარეობაში დარჩება საერთოდ ქართული სპორტი და ველოსპორტიც.

–  რა მიღწევები გაქვთ და ვის დაასახელებდით ტურნირებში გამარჯვებულთაგან?

–  გასულ კვირას საქართველოს პირველობაზე მიიღეს ჩვენმა აღსაზრდელებმა მონაწილეობა საგზატკეცილო რბოლაში, პირველ ადგილზე გავიდა ბესიკ გავაშელი, წინა კვირას – სამთო ველორბოლაში მეორე ადგილზე გავიდა აჩიკო მახარაშვილი – ჩვენი აღსაზრდელი. 2000 წლიდან მონაწილეობს საქართველოსა და მსოფლიო ჩემპიონატებში. პერსპექტიული სახეა. რაც შეეხება საგზატკეცილო დისტანციის დაფარვას, ბევრი წარმატებული მოზარდი გამოვლინდა – გურამ აზმაიფარაშვილი, გიგი გობეჯიშვილი, ირაკლი მჟავანაძე, ნიკა გოგიშვილი, ირაკლი კობერიძე. უსახსრობის გამო საზღვარგარეთ ვერ გავდივართ. ორი წლის წინათ ჩვენმა ბიჭებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს კავკასიის ტურნირზე. როცა მოზარდები სკოლას ამთავრებენ და უმაღლეს სასწავლებლებში განაგრძობენ სწავლას, შესაბამისად, საქართველოს ნაკრებში გადადიან. მათ შორის დავასახელებდი ჯურხა არაბულს, ლაშა ოშხერელს, კლუბ „იბერიიდან“ ამირან სვანიძეს, დავით ასკურავას.

–  ვინ ისახელა თავი ამ ტურნირებში?

–  თურქეთში, ქალაქ კორიოში, შარშანწინ დასრულებული „მერლანის“ ტურიდან ჩვენებმა გუნდური მეოთხე ადგილი დაიკავეს, ხოლო ოთხი ქართველი მრბოლი საერთო ჩათვლაში ათეულში მოხვდა. მათ შორის დავასახელებდი გიორგი ნადირაძეს, აჩიკო მახარაშილს, ნოდარ ყვავაძეს. რაც შეეხება კახა ლოსაურაშვილს, ახლა ის იტალიაში მოღვაწეობს ველოსპორტის სფეროში.

საზღვარგარეთი ახსენეთ... მხოლოდ თურქეთში გადიხართ?

–  არა მხოლოდ თურქეთში. ყველაფერი მაინც ფინანსებზეა დამოკიდებული. მაგალითად, დავით ასკურავა რუსეთში გამართულ თითქმის ყველა ჩემპიონატში მონაწილეობს საქართველოს სახელით. საკმაოდ დიდ წარმატებებს აღწევს. სულ ახლახან, იანვარში მოსკოვში მიმდინარე ღია ჩემპიონატზე 200 მ გაქანებით ველორბოლაში და 500 მ ადგილიდან გაქანებით ტურნირზე ჩემპიონი გახდა. ამ ბოლო წლებში ის მსოფლიო ჩემპიონატებზეც მონაწილეობს. ვამაყობთ, რომ იგი ჩვენი აღზრდილია.

–  ამ შემთხვევაში როგორ ხდება დაფინანსება?

–  პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო დაფინანსებაა, ისე – დამოუკიდებლადაც შეუძლიათ წასვლა და მონაწილეობა, არის მოწვევებიც. რამდენადაც ვიცი, რუსეთში ასკურავას დანახვაზე – ქართველებიც შემოგვიერთდნენო, – ამბობენ.

–  როგორ ფიქრობთ, ქვეყნებს შორის დაძაბული ურთიერთობა რამდენადაა ხელისშემშლელი სპორტის განვითარებისთვის?

–  ოლიმპიურ ცეცხლს საზღვრები ვერ აკავებს, ეს სამთელქვეყნო მარათონი სიჯანსაღისა და მშვიდობის მატარებელია. ასეა ცხოვრებაში: ხელოვნება, სპორტი, კულტურა, ზოგადად, ხალხს აახლოებს ერთმანეთთან და ჯანსაღი კონკურენციის პირობებში უკეთესად ვიწვრთნებით, კვალიფიციურ სპორტსმენებად ვყალიბდებით. ერთია, უსახსრობის გამო რომ ვეთიშებით მსოფლიო თუ რეგიონულ ჩემპიონატებს, მაგრამ, ვფიქრობ, პოლიტიკამ ამ სფეროში ხელი ნამდვილად არ უნდა შეგვიშალოს. ახლა ვემზადებით საქართველოს 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიადისთვის, სოჭის ოლიმპიადაც მასზე ადრეა. თუ მატერიალურად ხელი შეგვეწყო... ჩვენ თავს არ ვზოგავთ – გვაქვს ამის პოტენციალი. ჩვენი გუნდის სახელიც სიმბოლურად ამის მაჩვენებელია – ბიჭებს ვაჟკაცებად ვზრდით და უნდა გვასახელონ კიდეც.

–  ძირითადად, სად ვარჯიშობთ?

–  დიდ დიღომში, „ვისოლის“ სპორტულ ბაზაზე. სავარჯიშოდ დიდი დიღმისა და მუხათგვერდის გორაკებიანი რელიეფიც გვიწყობს ხელს.

–  ამბობთ, ყოველ კვირას იმართება შეჯიბრი. თითქოს არ ჩანს თქვენი ასეთი აქტიურობა, ხალხმა არ იცის, თუ შემთხვევით არ შეესწრო ტრასაზე ველოსპორტსმენებს ერთად და მათ გვერდით მიმავალ მანქანას...

–  შეჯიბრებებზე თითქმის ყოველ კვირას გავდივართ. ინფორმაცია კი ნაკლებად მიეწოდება ხალხს, რომ ველოსპორტი საქართველოში ცოცხლობს და იმარჯვებს. აქა-იქ თუ გამოჟონავს პრესაში ან საინფორმაციო საშუალებებში, როცა უკვე ტურნირში გამარჯვებულად გვაცხადებენ. ერთადერთი, კომპანია „რედბული“ არის ხოლმე ჩვენი მხარდამჭერი, საჭიროა სხვებიც მოვიზიდოთ, სპონსორები მოვძებნოთ, რომ ნამდვილად არის ამ სახეობის განვითარების პერსპექტივა და – რატომაც არა?

–  დაბოლოს, რას უსურვებთ საქინფორმს?

–  პროფესიონალიზმს, დიდ რეიტინგს, წარმატებებს, მიუკერძოებლობას, მუხლჩაუხრელი ადამიანების, რომლებიც ჩუმად, მაგრამ მაინც აკეთებენ საქვეყნო საქმეს, გაშუქებას. ეს ჩვენნაირებისთვის დიდი სტიმულია.



ესაუბრა ნანუკა გობეჯიშვილი