ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშს მიესალმებიან.
როგორც „ეროვნული საბჭოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, როცა ანგარიშში მოყვანილი პრობლემების შესახებ ქართული ოპოზიცია საუბრობდა, ხელისუფლება ამას ყოველთვის გაღიზიანებული ადამიანების ლაპარაკს უწოდებდა, ახლა კი, როდესაც ეს ფაქტები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშიც აისახა, მმართველ გუნდს გამამართლებელი არგუმენტების წამოყენება გაუჭირდება.
„მოვუწოდებ ხელისუფლებას, გაითვალისწინოს ყველა ის შენიშვნა, რაც აშშ-ის დეპარტამენტმა თავის ანგარიშში დააფიქსირა“, – განაცხადა ძიძიგურმა.„ახალი მემარჯვენეების“ წევრმა მამუკა კაციტაძემ კი აღნიშნა, რომ აღნიშნული ანგარიშის წაკითხვისას დარჩა შთაბეჭდილება, თითქოს ოპოზიციის საუბარს ისმენდა, რადგან აშშ-ის დეპარტამენტის ანგარიში და ქართული ოპოზიციის განცხადებები საქართველოში სხვადასხვა სფეროში პრობლემების არსებობის შესახებ ერთმანეთს დაემთხვა.
„ეროვნული ფორუმის“ ლიდერ კახა შარტავას თქმით კი, ანგარიშს დეტალურად არ გასცნობია, თუმცა რა ინფორმაციასაც ფლობს, ანგარიში საქართველოში არსებულ ვითარებას რეალურად ასახავს.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა თავის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც ადამიანის უფლებებს ეხება, საქართველოში ელიტური კორუფციის, შერჩევითი სამართლისა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრების ცემისა და წამების ფაქტების არსებობის შესახებ მიუთითა.