საზოგადოება
ამის შესახებ გაზეთი „ვერსია“ იუწყება, რომლის ინფორმაციით, სოჭში დაგეგმილი კონფერენცია „საქართველოს ხალხთა ასამბლეის“ ინიციატივითა და დაფინანსებით გაიმართება.
„კულუარებში ამბობენ, რომ ასამბლეის ხელმძღვანელ გოჩა ძასოხოვის ინტერესი საქართველოს პრემიერ-მინისტრის სავარძელში ჩაჯდომაა. ამბობენ იმასაც, რომ თუ ეს მოხდება, ეს იქნება გარანტი, რომ ოსებთან ჩატეხილი ხიდი აღდგეს“, – წერს გაზეთი „ვერსია“ სტატიაში სათაურით – „ქართველი და რუსი პოლიტიკოსების გასაიდუმლოებული შეხვედრა სოჭში – რატომ იმართება კონფერენცია 26-28 აპრილს და ჩავლენ თუ არა სოჭში გულაშვილი-კუკავა“. 26-28 აპრილს სოჭში სასტუმრო „ოტელში“ დიდი შეკრება-კონფერენცია გაიმართება თემაზე: „საქართველო-რუსეთი, 2020 წელი. რა იქნება ხვალ?“ საქართველოდან მიწვეულია 30 ადამიანი – პოლიტოლოგები, კონფლიქტოლოგები, პოლიტიკოსები და ჟურნალისტები, მაგრამ მათი სია მკაცრად გასაიდუმლოებულია“, – წერს გამოცემა, რომლის ინფორმაციით, სოჭში მოსკოვიდან ჩავა მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ პრეზიდენტი მალხაზ გულაშვილი, ხოლო საქართველოდან მიწვეულია ჟურნალისტი გიორგი უძილაური და „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა.
„ვერსია“ შეხვედრის მონაწილე მალხაზ გულაშვილსაც დაუკავშირდა, თუმცა მან ინტერვიუზე უარი განაცხადა.
„მართალია, კახა კუკავამ მწირი პასუხები მოგვცა, მაგრამ აღნიშნა, რომ ის მართლაც მიიწვიეს ამ შეკრებაზე, თუმცა არც ფორმატი იცის და არც ის გადაუწყვეტია, წავა თუ არა სოჭში“, – წერს სტატიის ავტორი.
P.S. სოჭში გამართული კონფერენციები ხშირად ძალზე უცნაურ ხასიათს ატარებს. მკითხველს, ალბათ, კარგად ახსოვს ძასოხოვისა და ებრალიძის ერთობლივი კონფერენცია ორი წლის წინათ, როცა ებრალიძემ, ყველასგან მოულოდნელად, საქართველოს პრეზიდენტობის პრეტენზია გამოთქვა. რაც შეეხება 26-28 აპრილს დაგეგმილ კონფერენციას, უცნაურია თავად კონფერენციის თემის სახელწოდებაც – „საქართველო-რუსეთი, 2020 წელი. რა იქნება ხვალ?“ შეხვედრის მონაწილეები ხომ არ ფიქრობენ იმაზე, რომ 2020 წლამდე რუსეთ-საქართველოს შორის არაფერი შეიცვლება და მთელი ამ ხნის განმავლობაში ქვეყნები ურთიერთობების უქონლობის რეჟიმში იქნებიან? 2020 წლის შემდეგ ორი ქვეყნის ჰუმანიტარულ ურთიერთობებზეც კი შეიძლება ვეღარ იყოს საუბარი და თუ ურთიერთობები არსებული ფორმით გაგრძელდა, შესაძლოა, ორმა მეზობელმა სამუდამოდ დაკარგოს ერთმანეთი. ამასთან, საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობაზე რუსეთის ხელისუფლების უარის გათვალისწინებით, კონფერენციის ავტორები ხომ მიანიშნებენ იმაზე, რომ საქართველოს მოსახლეობა სააკაშვილის მმართველობის 2020 წლამდე გაგრძელებას უნდა შეეგუოს?