საქართველო, 13 აგვისტო, საქინფორმი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გლობალური ჩართულობის ცენტრმა ანგარიში გამოაქვეყნა სახელწოდებით „რუსეთის დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული ეკოსისტემის საყრდენი“, სადაც საქართველოც არის ნახსენები.
6 აგვისტოს გამოქვეყნებულ ანგარიშში გლობალური ჩართულობის ცენტრი აღნიშნავს, რომ ყირიმში დაფუძნებული „ნიუს ფრონტი“– რომელსაც „გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებთან და კრემლის დაფინანსებასთან აქვს კავშირი“ – სხვადასხვა ენებზე ვებგვერდებს ამუშავებს, მათ შორის, ქართულად და „აცხადებს, რომ მისი სარედაქციო განყოფილებები ბულგარეთში, სერბეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, გაერთიანებულ სამეფოში, საქართველოსა და უნგრეთშია განთავსებული“.
ანგარიში იხსენებს, რომ აპრილში, სოციალური ქსელების გიგანტმა Facebook-მა „ნიუს ფრონტის“ ანგარიშები დაბლოკა, რომელიც მასალას ათ ენაზე აქვეყნებდა, მათ შორის, ქართულადაც.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაზე“ (ISFED) დაყრდნობით, ანგარიში აცხადებს, რომ „ნიუს ფრონტი“ Facebook-ის ქართველ მომხმარებლებს შორის „დაპირისპირებისა და აგრესიის გაღვივებას შეეცადა, რასაც საზოგადოების დაყოფა მოჰყვა“. შედეგად, ჩამოყალიბდა „პოლიტიკური პოლარიზაცია“ და „გარკვეული ტაქტიკა იქნა გამოყენებული ანტიდასავლური, პრორუსული გზავნილების გასავრცელებლად“.
ანგარიში ასევე ყურადღებას ამახვილებს რუსეთში დარეგისტრირებულ დეზინფორმაციულ საიტზე SouthFront: Analysis and Intelligence (იგივე SouthFront), რომელიც ძირითადად სამხედრო და უსაფრთხოების საკითხებზე ფოკუსირდება. „ნიუს ფრონტთან“ სავარაუდო კავშირის გამო, facebook-მა აპრილში South Front-ის ანგარიშებიც დაბლოკა, რომლებიც მასალებს სხვა ენებთან ერთად, ქართულადაც ავრცელებდნენ.
გლობალური ჩართულობის ცენტრის ანგარიშში ასევე ნახსენებია კიდევ ერთი რუსული დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული გამოცემა – Geopolitica.ru, რომელიც ულტრანაციონალისტ რუს ფილოსოფოსთან, ალექსანდრე დუგინთან ასოცირდება. ეს უკანასკნელი „ფაშისტურ შეხედულებებს ავრცელებს“ და ევრაზიანიზმის იდეოლოგიას ემხრობა.
ანგარიშის მიხედვით, Geopolitica.ru-ს მიერ მხარდაჭერილი „მრავალპოლარული მსოფლიო“ გულისხმობს „დუგინის მიერ წარმოდგენილ მსოფლიოს, სადაც რუსეთი მის მეზობლებზე დომინირებს: ყოფს საქართველოს, აგრეთვე უკრაინის, ფინეთის, სერბეთის, რუმინეთის, ბულგარეთისა და საბერძნეთის ანექსიას ახორციელებს და აზერბაიჯანს ირანს „უთმობს““.
ანგარიში იხსენებს 2008 წელსაც, როდესაც დუგინი და მისი მომხრეები ევრაზიის ახალგაზრდული კავშირიდან (დუგინის პარტია „ევრაზიის“ ახალგაზრდული ფრთა) ცხინვალის რეგიონში ჩავიდნენ.
კორონავირუსის პანდემიის ფონზე რუსულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით, ანგარიში აღნიშნავს, რომ „რუსი მაღალჩინოსნები და პრორუსული მედია კოვიდ-19-ის გარშემო არსებული შიშებისა და დაბნეულობის სათავისოდ გამოყენებას შეეცადნენ, რა დროსაც აქტიურად ავრცელებდნენ კონსპირაციულ თეორიებს“. ანგარიშის თანახმად, 20 მარტს, „ნიუს ფრონტმა“ იმაზეც მიუთითა, რომ „საქართველოში მდებარე ამერიკული ლაბორატორია კორონავირუსის შექმნაში მონაწილეობდა – ამ ნარატივს „ნიუს ფრონტი“ მთელი საანგარიშო პერიოდის მანძილზე ავრცელებდა“.
Civil.ge