ქართულ საბანკო ბაზარზე ცვლილებებია. უკვე დადასტურებულია, რომ „თიბისი ბანკი“ ბანკ „კონსტანტას“ აქციების 60-70%-ს შეიძენს.
არაოფიციალურად საუბრობენ კიდევ ერთი შესაძლო გარიგების შესახებ. კერძოდ, „ლიბერთი ბანკის“ მიერ „ბაზისბანკის“ შეძენის თაობაზე, თუმცა არცერთი მხარე შესაძლო გარიგების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს.
როგორც ჩანს, კრიზისს ყველა ბანკმა ვერ დააღწია თავი და ცვლილებები სწორედ ამან განაპირობა. ექსპერტების მოსაზრებით, წარმატებულ ბანკს არავინ ყიდის.საუბარია იმაზეც, რომ ქართულ საბანკო სექტორში კაპიტალდაბანდებით ახლო აღმოსავლეთის არაბული სახელმწიფოებიც დაინტერესდნენ. ბანკების ასოციაციაში ახალ საბანკო ინვესტიციებზე ღიად არ საუბრობენ, თუმცა, საქინფორმთან არაოფიციალურ საუბარში დაადასტურეს, რომ მოლაპარაკებები არაბულ ბანკთან ნამდვილად მიმდინარეობს და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ უახლოეს თვეებში გახდება ცნობილი.
აღნიშნულ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ ეროვნული ბანკის წარმომადგენლებიც. მათი განცხადებით, მსგავსი ინფორმაცია მხოლოდ მხარეთა საბოლოო შეთანხმებითა და კანონმდებლობის სრული დაცვით გაეცნობა საზოგადოებას.