რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: ტრაქტორისტისგან სტალინი არ გამოვიდა - ლუკაშენკო დაამთავრებს, როგორც სააკაშვილი და პოროშენკო!

     08.08.08 წლის ომის მე-12 წლისთავი, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელორუსიაში მომხდარი მოვლენები და ლუკ კოფის სტატია საქართველოს შესახებ - ამ სამ საკითხზე კომენტარის გაკეთება საქინფორმის მთავარ რედაქტორ არნო ხიდირბეგიშვილს ვთხოვეთ.

არნო ხიდირბეგიშვილი: ”მე უკვე არაერთხელ ვთქვი, რომ ტრაგედიის თავიდან აცილება შეიძლებოდა, თუკი რუსეთის მხრიდან პრევენციულ ზომებს მიიღებდნენ, რასაც დაბეჯითებით ითხოვდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი - თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, არმიის გენერალი იური ბალუევსკი, რომელიც მკვეთრად ეწინააღმდეგებოდა ე.წ. მშვიდობისთვის იძულების ოპერაციას. ეს მას არ აპატიეს - არმიის გენერალი გაათავისუფლა ეფრეიტორმა - რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მაშინდელმა სამოქალაქო მინისტრმა, კორუმპირებულმა ვაჭარმ სერდიუკოვმა, რომელმაც შემდგომ რუსეთი საშინლად შეარცხვინა! ბალუევსკიმ იმდენად ღრმად განიცადა საქართველოში მომხდარი და დაუმსახურებელი დევნა, რომ ინსულტი მიიღო. „არც მწვადი დავწვათ და არც - შამფური”, - სუფთა ქართულით მსოფლიო მედიის წარმომადგენლების თანდასწრებით მითხრა რუსეთის სამხედრო ელიტის თვალსაჩინო წარმომადგენელმა აგვისტოს ომის დაწყებამდე ერთი წლით ადრე...

მაშინ ბალუევსკის გეგმა რომ განეხორციელებინათ, გადავარჩენდით ასობით ადამიანის სიცოცხლეს - სამხედროებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს, არ იქნებოდა ათასობით ლტოლვილი, საქართველო არ დაკარგავდა თავის ტერიტორიების 20% -ს და არ შეწყვეტდა დიპლომატიური ურთიერთობას რუსეთთან, ქართველები დიდი ხნის წინ შეურიგდებოდნენ ოსებსა და აფხაზებს, ხოლო უკრაინაში მშვიდობა იქნებოდა, რადგან სააკაშვილი ქართულ ციხეში აღმოჩნდებოდა და არა უკრაინულ მაიდანზე! სწორედ ამიტომ, 2008 წლის აგვისტოს ომში რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრი ანატოლი სერდიუკოვი სააკაშვილზე არანაკლებ დამნაშავეა, და, შესაძლოა, უფრო მეტადაც, თუ გავითვალისწინებთ მის შედეგებს. ჩემთვის, ერთი ქართველის ტკივილი, რომელიც ვერ ახერხებს მშობლების საფლავზე წასვლას, თავის სახლში შესვლას და მშობლიური მიწის შეხებას, აფხაზეთში იქნება ეს, თუ სამაჩაბლოში, ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე და მთელ მსოფლიო პოლიტიკაზე მეტია, მე მაპატიეთ!

   იგივე მინდა ვთქვა ბელორუსიაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე - როცა სახელმწიფოს ხელმძღვანელობ, წინასწარ უნდა დაფიქრდე და იმოქმედო, და არა მომხდარის შემდეგ ავარიულ რეჟიმში! აი ნახეთ, სააკაშვილი ღიად აჟღარუნებდა იარაღს რუსეთის ცხვირწინ არაერთი დღის განმავლობაში, მაშ რაღას ელოდებოდნენ ბოლო მომენტამდე, სანამ ის "წითელ ხაზს" არ გადაკვეთდა?! ამიტომაც ამბობენ, რომ ის ასრულებდა მოსკოვის გეგმას - მისცა მას კარგი საბაბი ქართული ტერიტორიების ოკუპაციისთვის! სხვათა შორის, მეც მაქვს ერთი კითხვა: იგორ გიორგაძემ რუსეთის ტელევიზიით განაცხადა, რომ სააკაშვილის დედა და ბიძა - თურქოლოგი გიული ალასანია КГБ-ს აგენტი იყო. ტყუილუბრალოდ როდი შეარქვეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა გიულის „სახელური“, რადგან საპროფესოროში შესვლამდე, ის ნელა ატრიალებდა კარის სახელურს, თუმცა კარის გაღებას არ ჩქარობდა - აყურადებდა, რას ლაპარაკობდნენ შიგნით მისი კოლეგები… ჰოდა, მაინტერესებს - რატომ უგულებელჰყოფს ამ ფაქტს რუსეთის და საქართველოს უშიშროება? იქნებ იმიტომ, რომ გადაბირებულთა შვილებიც მოვალენი არიან აგენტები იყვნენ?! ესე იგი მიშა დღეს განსაკუთრებით ფასეული ფსბ-ს ან სუს-ის აგენტია, რადგან ის არ გაამჟღავნეს?! პირადა მე ასე არ ვფიქრობ, მაგრამ სხვა რა უნდა იფიქროს ხალხმა?! როცა ერთხელ შევარდნაძეს ვკითხე - რატომ მივიღეთ ლუსტრაციის შესახებ კანონი, მაგრამ არ ავამოქმედეთ იგი, მიპასუხა: „არ შეიძლება ამის გაკეთება საქართველოში! საზოგადოება ისედაც გაყოფილია, მერე კი საერთოდ დაეტაკებიამ ერთმანეთს! თანაც, ამით წასულების ხსოვნასაც შევაწუხებთ...“.

   იგივე შეიძლება ითქვას პრეზიდენტ ლუკაშენკოზე: ნუთუ მან არ იცოდა რამდენი უკმაყოფილო ადამიანი და „რევოლუციონერი“ იყო ქვეყანაში და რას უმზადებდნენ?! რატომ დროულად არ გაერკვა, არ გაითვალისწინა თავისი შეცდომები და, ამავდრულად, არ გაანეიტრალა უცხოელი ჯაშუშები და პროვოკატორები, როგორც 2008 წელს მე ვთავაზობდი სააკაშვილის განეიტრალებას?! მაგრამ ლუკაშენკო არჩევნებამდე ძალიან გაიტაცა დასავლეთთან კეკლუცობამ და რუსეთის კრიტიკამ, ”ვაგნერთან” დაკავშირებული ბოლო ეპიზოდი კი ამის სამარცხვინო კულმინაციად იქცა! ასე რომ, დაე დღეს ნუ უკვირთ მომხდარი. როდესაც ამდენი წლის განმავლობაში მეფობ, ყოველწლიურად უფრო და უფრო კრიტიკული და მომთხოვნი უნდა გახდე საკუთარი თავის მიმართ, ლუკაშენკოს კი წარმატებებმა თავბრუ დაახვია! ტრაქტორისტისგან სტალინი მაინც არ გამოვიდა, მაგრამ დღეს ის ძალიან მახსენებს პრეზიდენტ შევარდნაძეს - პოლიტიკური „დაბალანსების“ოსტატს: ერთ დღეს რუსეთის კრიტიკა, მეორე დღეს კი - დამაშოშმინებელი პასაჟები მოსკოვის მისამართით! ხან პუტინთან ჩახუტება, ხან - საკაშვილთან და პოროშენკოსთან მეგობრობა... მაგრამ არსებობს ზღვარი, რომლის იქიქ მოქნილი პოლიტიკა პოლიტიკურ პროსტიტუციაში გადაგის, ამიტომაც, ვფიქრობ, რომ ლუკაშენკო, როგორც 2003 წელს ჩვენ ბაბუს, ხელისუფლებაში დიდი დრო არ უწერია... ზოგადად დარწმუნებული ვარ - სანამ რუსეთი, უკრაინა და ბელორუსია სამმხრივ კავშირს არ შექმნიან, კონფლიქტები უწყვეტად გაგრძელდება.

   და თქვენი ბოლო შეკითხვა - ლუკ კოფის სტატიის შესახებ, რომლისაც დიდად მადლობელი ვარ, რადგან ის პირველი იყო, ვინც საჯაროდ სრული სიმართლე თქვა - ჩამოთვალა სამი მიზეზი, რის გამოც ნატოსა და აშშ-ს საქართველო სჭირდებათ. ამით ლუკ კოფიმ ფასდაუდებელი სამსახური გამიწია - ანუ ბოლო წლების განმავლობაში ყველა ჩემი ანალიტიკური პროგნოზი, რომლებიც ბევრის მიერ აღიქმებოდა, როგორც ხიდირბეგიშვილის ფანტაზიის ნაყოფი, წმინდა წყლის სიმართლე აღმოჩნდა და ეს დაადასტურა არა ვიღაცამ, არამედ წამყვანმა ამერიკელმა ექსპერტმა საქართველოს საკითხებში!

მის მიერ ჩამოთვლილი სამი მიზეზიდან, მთავარია მეორე, ვციტირებ:

„საქართველო სტრატეგიული მდებარეობით ევრაზიის რეგიონში აშშ-ის გეოპოლიტიკური ამოცანებისთვის მნიშვნელოვანია. სამხრეთ კავკასიაში განლაგებული საქართველო მდებარეობს არსებითი მნიშვნელობის გეოპოლიტიკურ და კულტურულ გზაჯვარედინზე. ქვეყანამ საუკუნეების განმავლობაში დაამტკიცა თავისი სტრატეგიული სამხედრო და ეკონომიკური მნიშვნელობა. საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა დღესაც მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. მაგალითად, საქართველომ შესთავაზა ნატო- თავისი ტერიტორია, ინფრასტრუქტურა და ლოგისტიკური შესაძლებლობები ალიანსის ჯარებისა და ტვირთის ავღანეთში ტრანზიტისთვის. წლების განმავლობაში საქართველო ახორციელებს ქვეყნის საკვანძო აეროპორტების და საპორტო ობიექტების მოდერნიზაციას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონის კონტექსტში. საქართველოზე გადის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი, ბაქო-სუფსას ნავთობსადენი და სამხრეთის გაზის დერეფანი, ასევე მნიშვნელოვანი სარკინიგზო ხაზები (მაგალითად, ახლახან გახსნილი ბაქო-თბილისი-ყარსი). ნავთობის და გაზის მილსადენები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის და, შესაბამისად, აშშ-ის ინტერესებისთვის რეგიონში“.

   ფარდა! სპექტაკლი დასრულდა! ვინმეს კიდევ დარჩა შეკითხვები ან ეჭვი?! აღმოჩნდა, რომ გეოპოლიტიკურად მიმზიდველი საქართველო აშშ-ს აინტერესებს როგორც სამხედრო-სტრატეგიული პლაცდარმი თავისი ლოგისტიკური შესაძლებლობებითა და ინფრასტრუქტურით, ხოლო დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება და ინსტიტუციური რეფორმები, მედიის და უმცირესობების თავისუფლება, აგრესორი რუსეთისგან დაცვა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, თბილისის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე დაკავებული საქართველოს მოქალაქეების ბედ-იღბალი, მცოცავი ბორდერიზაცია და რუსული სამხედრო ბაზების გაყვანა 2008 წლის შეთანხმების მიხედვით, ჰუმანიტარული კატასტროფა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში და ოქტომბერში სამართლიანუ არჩევნების ჩატარება მხოლოდ ლამაზი საფირმო შირმაა!

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2020 წლის 13 აგვისტო
საქართველო, თბილისი