პოლიტიკა
ნინო კალანდაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის შესახებ

kalandadzeსაქართველოს მთავრობა არ ეთანხმება საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის ზოგიერთ ნაწილს. თუმცა ის „საყურადღებო და მნიშვნელოვანია“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ 11 აპრილს.

„არ დაგეთანხმებით იმ ნაწილში, რომ [ანგარიში] არის მხოლოდ კრიტიკული“, – უპასუხა მან ბრიფინგზე დასმულ შეკითხვას „საკმაოდ კრიტიკული“ შეფასებების შესახებ. „ეს ანგარიში, ასევე, ასახავს და მიესალმება იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია გასული წლის განმავლობაში“.

„ამავე დროს, ჩვენთვის კრიტიკაც მისაღებია. დასმული საკითხების დიდი ნაწილი [აშშ-თან] ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში რეგულარულად განიხილება“, – აღნიშნა მან.

„ჩვენი გადმოსახედიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ანგარიშში არის ის, რომ ძალიან მკაფიოდ და ცალსახად არის ასახული ვითარება ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. ჩვენი და აშშ-ის პოზიციები სრულიად ემთხვევა ერთმანეთს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით“, – თქვა კალანდაძემ.

თუმცა მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ანგარიშში არის ნაწილები, რომელთაც ჩვენ არ ვეთანხმებით“.

მისი თქმით, სხვა ქვეყნებზე ანალოგიურ ანგარიშებთან შედარებით, საქართველოს მიმართ შეფასებები „არის უდავოდ ძალიან პროგრესული“.