აპრილიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური სამომხმარებლო ფასების (ინფლაციის) დათვლის პროცესს მთლიანად ელექტრონულად განახორციელებს.
ორგანიზაციული განვითარების პროგრამა „FORECAST“-ის ფარგლებში, კომპანია „World Learning“-ის მხარდაჭერით საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში ფასების სტატისტიკის სამმართველოს რეგისტრატორთათვის პორტატული კომპიუტერებით აღჭურვა და შესაბამისი პროგრამით უზრუნველყოფა განხორციელდა.აღნიშნული პროცესი ითვალისწინებს სამომხმარებლო ფასების (ინფლაციის) რეგისტრაციის ქაღალდის ფორმიდან მონაცემების პორტატული კომპიუტერების საშუალებით შეგროვებაზე გადასვლას, რაც უფრო სანდოს, ხარისხიანსა და ოპერატიულს გახდის საველე სამუშაოებს. საუბარია საქსტატის ფასების რეგისტრატორების მიერ ფასების აღრიცხვის პროცესში მინი-კომპიუტერების გამოყენებაზე.
ფასების სტატისტიკის სამმართველომ 10 აპრილს უკვე დაიწყო სამომხმარებლო ფასების რეგისტრაციის საველე სამუშაოები ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით.
ფასების რეგისტრაციის საველე სამუშაოები დასრულდება 20 აპრილს, შემდეგ მოხდება მონაცემების დამუშავება და აპრილის თვის ინფლაციის დაანგარიშება. საბოლოო მაჩვენებელი გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 3 მაისს.