საზოგადოება
დღეს საქართველო სრულად არის მზად ნატო-ს წევრობისთვის - გიორგი გახარია

 საქართველო, 10 აგვისტო, საქინფორმი. დღეს საქართველო სრულად არის მზად ნატო-ს წევრობისთვის და ამას ჩვენი პარტნიორები ხედავენ, აფასებენ, – ასე გამოხემაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კონგრესმენ ადამ კინზინგერის განცხადებას საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების თაობაზე.

გახარიას თქმით, სპეკულაციების მიუხედავად, საქართველოსა და მის სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ურთიერთობას არაფერი ემუქრება.

ადამ კინზინგერის განცხადებას ვაფასებ შემდეგნაირად: მიუხედავად, აი, ამ ვაკხანალიისა, ბრალდებისა, მიუხედავად კერძო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე ქვეყნის ბედით და მომავლით სპეკულირებისა, ჩვენ ვახერხებთ და ვაღრმავებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას ძირითად მიმართულებებზე. ესენია: ნატო, ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია, აშშ, ევროკავშირი.

ამ მიმართულებით როგორი სპეკულირებაც არ უნდა გააგრძელონ, საქართველოსა და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ურთიერთობას არაფერი ემუქრება. პირიქით, ეს ურთიერთობა ბოლო წლების განმავლობაში გახდა ისეთი, როგორიც არ ყოფილა არასდროს. სწორედ ამის შედეგია მსგავსი განცხადებები. დღეს საქართველო სრულად არის მზად ნატო-ს წევრობისთვის და ამას ჩვენი პარტნიორები ხედავენ, აფასებენ. ეს არის პროცესი, ჩვენ ამ მიზანს მივაღწევთ და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და მშვიდობიანი განვითარება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის აუცილებელი პირობაა”, – განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა საერთაშორისო ონლაინ კონფერენციაზე – „მშვიდობა და უსაფრთხოება რეგიონში: დეოკუპაციისთვის ბრძოლის 12 წელი“ განაცხადა, რომ დადგა დრო, საქართველო გახდეს ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი.