საზოგადოება
საპარლამენტო მოსმენის ინიციატივა ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ

CaxvaZeპარლამენტარმა გურამ ჩახვაძემ დღევანდელ ბრიფინგზე ჟურნალისტებს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ინიციატივა – ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ  მთავრობის მიერ პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარმოდგენა და ამ თემაზე საპარლამენტო მოსმენის გამართვა – გააცნო და განაცხადა, რომ პარტიაში საპარლამენტო მოსმენის იდეა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2010 წლის ანგარიშის გაცნობის შემდეგ დაიბადა. „ჩვენი ინიციატივის საფუძველი ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით გამოვლენილი სერიოზული პრობლემები გახდა, რომლებიც ახლახან აისახა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში. „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ აზრით, ხელისუფლების მხრიდან აღნიშნულის რეაგირების გარეშე დატოვება დაუშვებელია. მიგვაჩნია, რომ მთავრობამ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებითაც უნდა გააკეთოს ფუნდამენტური მოხსენება ისე, როგორც ამას აკეთებს სახელმწიფო ბიუჯეტთან ან სხვა საკითხებთან დაკავშირებით“, – განაცხადა გურამ ჩახვაძემ.

მისი თქმით, ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით მთავრობის ყოველწლიური ანგარიში, სხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მოხსენებებთან ერთად, პარლამენტს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ზედამხედველობის განხორციელებისა და გაძლიერების საშუალებას მისცემს. საკითხის აქტუალობიდან და პრინციპულობიდან გამომდინარე, ყოველწლიური მოხსენება პარლამენტში პრემიერ-მინისტრმა უნდა წარმოადგინოს და სასურველია, თუკი ეს მოსმენა მაისში გაიმართება, როდესაც პარლამენტში სახალხო დამცველის ანგარიშით გამოსვლაა დაგეგმილი.