აქტუალური
ნათია თურნავა - ვიმედოვნებთ, ჩვენი მხარდაჭერით, „შტადლერის“ ადგილობრივი ქარხანა გვექნება

 საქართველო, 5 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ცნობილი შვეიცარიული კომპანია „შტადლერის“ ჯგუფის პრეზიდენტს პიტერ შპულერს შეხვდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ „შტადლერის“ წარმომადგენლებს საქართველოში არსებული სტაბილური, მდგრადი ბიზნესგარემო და ის უპირატესობები გააცნო, რითაც საქართველოში შემოსულ უცხოელ ინვესტორებს შეუძლიათ ისარგებლონ, მათ შორის ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების ფარგლებში 2,3 მილიარდიან ევროპულ ბაზარზე წვდომა.

ნათია თურნავას განცხადებით, „შტადლერი“ ქართულ ბაზარს აქამდე საკუთარი წარმოების ვაგონებს აწვდიდა და მთელ რიგ ტენდერებშიც მონაწილეობდა, თუმცა ახლა უკვე შესაძლებელია მათთან საუბრის დაწყება უფრო მეტ თანამშრომლობაზე, კერძოდ, საქართველოში წარმოების დაფუძნებაზე.

ისინი ხედავენ ამ პერსპექტივებს, განსაკუთრებით კი „კოვიდის“ ეპიდემიის პირობებში ჩვენი პროაქტიური საინვესტიციო პოლიტიკის შედეგად. ჩვენ დავარწმუნეთ „შტადლერი“, რომ საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია, საიდანაც გააფართოებენ თავის ბიზნესს და ექნებათ წვდომა 2,3 მილიარდ პოტენციურ მომხმარებელთან საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ფარგლებში. ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი საუკეთესო საინვესტიციო გარემო და ახლა უკვე ეპიდემიოლოგიურად ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ვართ, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის კეთებისთვის. „შტადლერი“ არის კომპანია, რომელიც საკმაოდ ბევრ ჩვენს მოქალაქეს დაასაქმებს. კომპანია მზად არის, დაიწყოს ტრენინგები, მოსამზადებელი ეტაპი და ვიმედოვნებთ, ჩვენი ჩართულობითა და მხარდაჭერით საბოლოო ჯამში „შტადლერის“ ადგილობრივი ქარხანა გვექნება“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მსოფლიოში მატარებლების მწარმოებელი ლიდერი შვეიცარიული კომპანია „შტადლერი“ 1942 წელს დაფუძნდა. კომპანიის გაყიდვები 3,46 მილიარდ დოლარს აღწევს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კი ჯამში 10 900 ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

შეხვედრას ესწრებოდნენ „შტადლერის“ მარკეტინგისა და გაყიდვების აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ანსგარ ბროკმაიერი, დსთ-ის ქვეყნების მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი მატიას შტორი, საქართველოში შვეიცარიის ელჩი პატრინ ფრანცენი. ასევე სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი და „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი დავით ფერაძე.