საზოგადოება
ექს-პრემიერი ვანო მერაბიშვილი პოლიტიკაში არ დაბრუნდება

 საქართველო, 4 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს ექს-პრემიერი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი „ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას“ გეგმავს, თუმცა, პარლამენტსა და მთავრობაში მის დაბრუნებას გამორიცხავს.

მე არ ვიქნები პარლამენტის წევრი და ასევე არ დავიკავებ რომელიმე თანამდებობას მომავალ მთავრობაში. მე ვიქნები ჩართული ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ოღონდ ეს იქნება ბრძოლა არა პირადი სარგებლისთვის, არამედ ბრძოლა ჩემი ხალხის მომავლისთვის“, – დაწერა მერაბიშვილმა საკუთარ Facebook-გვერდზე.

ექს-პრემიერმა აღნიშნა, რომ ახლოვდება საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები.

ამ არჩევნებში გადამწყვეტი იქნება არა ის, რას იზამს „ქართული ოცნება“, რადგანაც ის უკვე გუშინდელი დღეა. გადამწყვეტი იქნება ის, თუ რამდენად შევძლებთ ჩვენ საერთო ეროვნული მიზანი დავაყენოთ საკუთარ კარიერაზე, პირად ამბიციებზე მაღლა, ვიბრძოლოთ არა საკუთარი თავისთვის, არამედ ქვეყნის მომავლისთვის“, – წერს მერაბიშვილი.

ამასთან, იგი სინანულით აღნიშნავს, რომ დღეს ოპოზიცია უფრო ხშირად არის დაკავებული პოლიტიკური ვაჭრობით, პარლამენტსა და მთავრობაში სკამების გადანაწილებით, ვიდრე საზოგადოებისთვის ალტერნატივის შეთავაზებით.

განახლებული „ნაციონალური მოძრაობა“ არის ერთადერთი ძალა, რომელსაც შესწევს უნარი, გადამწყვეტი როლი შეასრულოს ამ ბრძოლაში, დაასრულოს არჩევნები გამარჯვებით და ხალხს დაუბრუნოს მომავალი“, – აღნიშნავს მერაბიშვილი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება მიმდინარე წლის თებერვალში დატოვა – მან საპატიმროში თითქმის შვიდი წელი დაჰყო. მერაბიშვილი სააკაშვილის ხელისუფლების დროს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი იყო.