საზოგადოებისთვის უკვე კარგად არის ცნობილი ებრაელი ბიზნესმენების – ზეევ ფრენკიელისა და რონი ფუქსის – ირგვლივ ატეხილი სკანდალი. ამ საქმესთან დაკავშირებით სპეციალური რეპორტაჟი მოამზადეს სტუდია „ჯი ენ ეს“-მა და ჟურნალისტმა ნანა ლეჟავამ, სადაც საქმის ჯერ კიდევ უცნობი დეტალებია მოყვანილი.
რეპორტაჟში ამერიკის პრეზიდენტ ბარაკ ობამას ყოფილი იურიდიული მრჩევლის – გრეკ ქრეიგის, კომენტარიც არის შესული, რომელიც დარწმუნებულია, რომ ბიზნესმენთა დაკავება უმაღლეს ეშელონებში დაიგეგმა.„ფაქტია, რომ იყო კოორდინირებული მოქმედება მთავრობის ოთხ მინისტრსა და პრეზიდენტს შორის. მთელი ეს გეგმა ფინანსთა, იუსტიციის, შინაგან საქმეთა მინისტრებმა და პრემიერმა სააკაშვილთან ერთად შეიმუშავეს, რათა რონი ფუქსი ციხეში ჩაესვათ“, – აცხადებს ქრეიგი.
ამასთან, გადაცემაში ბიზნესმენების ოჯახის წევრების კომენტარებიც არის მოყვანილი, სადაც აღნიშნულია, რომ „ქართველებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ფუქსი და ფრენკიელი საქართველოში ჩაეტყუებინათ, კარგად მოახერხეს და უდანაშაულო ადამიანები დააპატიმრეს, ხაფანგში შეიტყუეს და ხელში ჩაიგდეს“.
„სამართლებრივ სახელმწიფოში ასეთი სასამართლო არ იქნებოდა. მიდის პოლიტიკური თამაში, სადაც სასწორზე ასობით მლნ ამერიკული დოლარი დევს“, – აცხადებენ ბიზნესმენთა ახლობლები.
ამასთან, უცხოური გამოცემები წერენ, რომ ბიზნესმენები საქართველოს ხელისუფლებამ ციხეში გამოკეტა და ამით შეეცადა, თავი აერიდებინა 100 მლნ დოლარის გადახდისთვის.
ქართული ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები კი ქვეყნის იმიჯის შელახვისთვის პასუხისმგებლობას პრემიერ ნიკა გილაურს აკისრებენ.