პუბლიკაციები
გია ხუხაშვილი: პრობლემა არა საგარეო ვალში, არამედ ვალის გადახდისუუნარობაშია
xuxashvili2011 წლის ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებები მთავრობამ უკვე წარუდგინა პარლამენტს განსახილველად. მანამდე ბიუჯეტის ახალი პროექტის განხილვა ხმაურით მიმდინარეობდა. საპარლამენტო ოპოზიცია ახსნა-განმარტებებს ითხოვდა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არის პროექტი ბუნდოვანი, რატომ არ არის გაწერილი კონკრეტული სფეროს მიმართულებები, რომელთაც დაფინანსება ეზრდება, და რატომ იმატებს საჯარო მოხელეთა ხელფასები ე. წ. ქამრების შემოჭერის ფონზე. კახა ბაინდურაშვილის განმარტებით, არც ერთი შენიშვნა გათვალისწინებული არ იქნებოდა, რადგან 2011 წლის ბიუჯეტი მოსახლეობის ინტერესებზეა გათვლილი.
ცნობილი გახდა, რომ ახალი ბიუჯეტის თანახმად, საგადასახადო შემოსავლები 350 მილიონი ლარით იზრდება, საგარეო ვალის საგადასახადო მარჟა კი - 1 მილიარდი ლარით. გამოდის, რომ ქამრების შემოჭერის პოლიტიკა კვლავ იზრდება და ხელისუფლება მოსახლეობის ჯიბიდან იმის გამოფერთხვას უპირებს, რაც დარჩა, თუმცა, ეკონომიკის ესქპერტ გია ხუხაშვილის თქმით, ჯიბიდან რამდენიც უნდა ფერთხო, ვერაფერს გამოფერთხავ, თუ იქ არაფერი აღარაა. ბიუჯეტის ახალ პროექტთან დაკავშირებით, “საქართველო და მსოფლიოს” ეკონომიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი ესაუბრა. - ცნობილი გახდა, რომ აღნიშნულ საბიუჯეტო ცვლილებებს საფუძვლად დაედო წლეულს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურად ზრდა, რაც, თავდაპირველად დაგეგმილი 4,5%-ის ნაცვლად, 5,5%-იანი ზრდით განისაზღვრება. გასულ წელს ეკონომიკის ზრდამ 6,4 % შეადგინა. რას ფიქრობთ ახალ ბიუჯეტთან დაკავშირებით?
- მძიმე სოციალური ფონიდან გამომდინარე, ჯობდა, ბიუჯეტი ორიენტირებული უფრო მეტად სოციალურ სფეროებსა და ეკონომიკის განვითარების სტიმულირებაზე ყოფილიყო. შთაბეჭდილება რჩება, რომ ეს არის საკმაოდ სტაბილური, დაწყნარებული ქვეყნის ბიუჯეტი, რომელსაც ინფრასტრუქტურის განვითარების სხვა პრობლემა აღარ აქვს. სინამდვილეში რისკი საკმაოდ მაღალია და ამ ცვლილებების ფონზე კი სიტუაცია უფრო გაუგებარი ხდება. 
- ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის საშინაო და საგარეო ვალი, დაახლოებით, საგადასახადო ვალდებულების მარჟა 1 მილიარდი ლარით გაიზრდება და წელს, ჯამში, მილიარდ 869 მილიონ ლარს მიაღწევს. ამასთან დაკავშირებით რას ფიქრობთ? გამოდის, რომ ვალის გასასტუმრებლად ვალს იმატებენ...
- არის ზღვარი, რომლის იქითაც მტკივნეული აღარაფერია. ვალი, იცით, რომ საკმაოდ დიდია, და, როგორც ჩანს, უკვე გადაფარვის პრინციპით მოქმედებს ჩვენი ხელისუფლება. ჩემი აზრით, სახელმწიფო ფინანსური პირამიდის შენების პროცესშია. რაც, ქვეყნისთვის საკმაოდ სახიფათო ტენდენციაა. საერთოდ, იმდენად ვალში კი არაა პრობლემა, რამდენადაც ვალის გადახდის უუნარობაში. ჩვენ რომ გვქონდეს ეკონომიკა, რომელსაც ამ ვალების გასტუმრება შეუძლია, შედარებით მშვიდად ყოფნის უფლება გვექნებოდა. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი ეკონომიკის რესურსები არ იძლევა მოდუნების საშუალებას. 
- რის ხარჯზე იზრდება ბიუჯეტი? შეიძლება ითქვას, რომ ისევ საქართველოს მოსახლეობის ჯიბის ხარჯზე? ნორმალური ეკონომიკური გათვლების ფონზე, ალბათ, ბიუჯეტი კი არ გაიზრდებოდა, პირიქით, - შემცირდებოდა.
- ყველაფერი საქართველოს მოსახლეობის ხარჯზე ხდება. ბიუჯეტი ჩვენ მიერ გადახდილი გადასახადებით უნდა ფორმირდებოდეს. თუმცა საგადასახადო ნაწილის გაზრდის რესურსს ვერ ვხედავ. თქვენ თუ ის გაქვთ მხედველობაში, რომ ზეწოლა გაძლიერდება ბიზნესსა და მოსახლეობაზე, აქაც, ვფიქრობ, რომ კრიტიკული ზღვარი გადალახულია. მოსახლეობის ჯიბიდან რამდენიც უნდა ფერთხო, ვერაფერს ვერ გამოფერთხავ, თუ იქ არაფერი აღარაა.
- მთავრობა იმედოვნებს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში დაფიქსირებული ინფლაციის ტენდენციის ზრდა წლის მეორე ნახევარში კლებას დაიწყებს და მისი მაჩვენებელი კვლავ ერთნიშნა ნიშნულს მიუახლოვდება.
- უნდა ვივარაუდოთ, რომ ტემპი დასტაბილურდება, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მომხმარებელი ქვეყანა ვართ და ბევრი რამ ჩვენზე არაა დამოკიდებული, ეს პროგნოზები მაინც წყალზეა ნაწერი. არავინ იცის, რეალურად რა ტენდენციები დაიწყება მსოფლიო ბაზრებსა და ბირჟებზე. ცოტა ხნის წინათ ხელისუფლებამ თვითონ აღიარა, რომ ინფლაციურ პროცესზე მათ გავლენა არ აქვთ. აქედან გამომდინარე, ეს პროგნოზები, ცოტა არ იყოს, სასაცილოდ გამოიყურება.
- პრეზიდენტმა საქართველო - აგრარულ ქვეყნად, მთავრობა კი აგრარულ მთავრობად გამოაცხადა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის 150 მილიონი გამოყო. რამდენად სწორი იყო ეს ნაბიჯი და როგორ შეიძლება აისახოს ეს ინიციატივა ინფლაციის პროცესზე?
- მართალი გითხრათ, არ ვიცი, სადაა ეს ფული გამოყოფილი. ამბობენ, რომ ბიუჯეტიდან ეს თანხა გაწერილია სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის, მაგრამ რეალურად ეს თანხა არ ჩანს. ეს ერთი პრობლემაა. მეორე პრობლემა ისაა, რომ გაუგებარია, რაში უნდა დახარჯონ ეს ფული. გამოვლენ მერე და გამოგვიცხადებენ მორიგ მეგაპროექტს და საქართველოს სოფლის მეურნეობაში ან ეკონომიკის სხვა სეგმენტში რეალურად არაფერი დარჩება. თანხის გამოყოფას აზრი აქვს ანკესის და არა თევზის შესაძენად. ფაქტობრივად, ეს თანხა უნდა ჩაიდოს ეკონომიკის რეალურ სექტორში, რათა სოფლის მეურნეობას განვითარების საშუალება მიეცეს და არა ის, რომ გლეხებს ერთჯერადად საჩუქრები დაურიგონ და ამით ყველაფერი დაასრულონ.
- საქართველოს ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკამ ყველაზე რთული პერიოდი გადალახა და ახლა აღმავლობის გზაზე დგას. კრიზისი თურმე არც ყოფილა. როგორ ფიქრობთ, რამდენად მოსალოდნელია წელს ეკონომიკის აღმავლობა და, თქვენი აზრით, იყო ან ახლაც თუ გრძელდება კრიზისი?
- ეს პოლიტიკური განცხადებებია. მე არ ვარ პოლიტიკოსი და პოლიტიკურ განცხადებებს ვერ გავაკეთებ; მითუმეტეს, საქართველოს ეკონომიკის მინისტრის განცხადებებზე არ ვაკეთებ კომენტარებს. არასერიოზულია ქალბატონი ვერას ბრძნულ გამონათქვამებზე კომენტარის კეთება. 
- ჩვენთან ბოლო წლებში ასეთი პრაქტიკა დამკვიდრდა: ბიუჯეტს შემოსავლით ნაწილში ყოველთვის რეალურზე ნაკლებს გეგმავენ და შემდეგ შეაქვთ შესწორებები. ალბათ, ამით თავს იზღვევენ. თქვენი აზრით, ჩვენი ეკონომიკა ლიბერალურია?
- არ შეიძლება ითქვას, რომ ლიბერალური ეკონომიკა გვაქვს. ჩვენთან ჯერ კიდევ არის მონოპარტიული კაპიტალიზმი, როდესაც ხელისუფლება ბიზნესის დირექტორია. ამას ლიბერალიზმი არ ჰქვია! ესაა ფსევდოლიბერალიზმი. 
- როგორ შეაფასებთ საქართველოს ხელისუფლების დღევანდელ ეკონომიკურ პოლიტიკას?
- რეალურად რაც არ არსებობს, იმის შეფასება შეუძლებელია. 
ესაუბრა
ლილი მიროტაძე