სამართალი
შსს ლერი სულაბერიძის ავტომანქანის მისამართით გასროლის საქმეზე ინფორმაციას ავრცელებს

 საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. შსს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ლერი სულაბერიძის ავტომანქანის მისამართით გასროლის საქმეზე ინფორმაციას ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული ი.ღ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2020 წლის 28 ივლისს, ავტომობილიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა სხვა ავტომობილის მიმართულებით, რომელსაც 1968 წელს დაბადებული ლ.ს. მართავდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით ტარდება კომპლექსური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.