აქტუალური
ასლან ბჟანია: „აფხაზეთის ხელმძღვანელობა მიმაღტავს ზომებს ეპიდემიის შედეგების მინიმიზაციისთვის“

 საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. დე ფაქტო პრეზიდენტი ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით გაუარესებული ვითარების გამო მოსახლეობას მიმართავს. ასლან ბჟანიას თქმით, ე.წ ხელისუფლება აცნობიერებს შექმნილი მდგომარეობის სირთულეს, ვირუსის და რუსეთთან "სახელმწიფო საზღვრის" ჩაკეტვის გამო.

დე ფაქტო პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ "სახელმწიფოსთვის" უმაღლესი ღირებულება ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობაა.

ასლან ბჟანიას განცხადებით, დღეს შეუძლებელია რუსეთის ფედერაციასთან "საზღვრის"ცალმხრივად გახსნა.

"აფხაზეთის ხელმძღვანელობა მუდმივ კავშირშია რუსულ მხარესთან, რათა შეიმუშაოს ყველაზე უსაფრთხო გადაწყვეტილება ორივე ქვეყნის მოქალაქეების ცხოვრებისა და ჯანმრთელობისთვის. უახლოეს მომავალში ამ გადაწყვეტილებას ვიპოვით", - განმარტა დე ფაქტო პრეზიდენტმა.

ასლან ბჟანიასვე თქმით, ისინი მიმართავენ ყველა ზომას ეპიდემიის შედეგების შესამცირებლად. მანვე აღნიშნა, რომ თავად გააკონტროლებს ყველა საკითხს, რომელიც კორონავირუსისგან მოსახლეობის დაცვას შეეხება.

ბჟანიასვე განცხადებით, მართალია დაგვიანებით, თუმცა ხელფასების და პენსიების გაცემა ხდება.

ე.წ. პრეზიდენტი ამბობს, რომ მათ ისტორიაში ყოფილა უფრო მძიმე დროებიც, მაგრამ საზოგადოებამ გამოიჩინა სიბრძნე, გამძლეობა და ღირსეულად გამოსულა რთული ვითარებიდან. ბჟანიამ იმედი გამოთქვა, რომ ამ შემთხვევაშიც ასე მოხდება. მან მოქალაქეებს მოთმინებისკენ მოუწოდა.

"ვიფიქროთ ჩვენი მოხუცების ჯანმრთელობაზე და მხარი დავუჭიროთ ექიმებს, რომლებიც წინა ხაზზე არიან ამ საშიში დაავადების პირისპირ. ეკონომიკურ და სხვა მსგავს საკითხებს გაძლიერებული ძალისხმევით გადავწყვეტთ", - განმარტა მან.

აფხაზეთში ბოლო დღეებში იმატა კორონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებელმა. სულ 63 გამოვლენილი შემთხვევა. მათ შორის, კორონავირუსი დაუდასტურდა ე.წ. პარლამენტის დეპუტატსაც. გარდაცვლილია ორი მოქალაქე.