აქტუალური
აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივნად სერგეი შამბა დანიშნეს

 საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. აფხაზეთის ახალმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ უშიშროების საბჭოს მდივნად სერგეი შამბას დანიშვნას ხელი მოაწერა.

შამბა აფხაზეთში დე ფაქტო ხელისუფლების შეცვლამდე აფხაზური ოპოზიციის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო – რესპუბლიკური პარტია “ერთიანი აფხაზეთის” ხელმძღვანელი.

სხვადასხვა დროს შამბა აფხაზეთში პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტებსაც იკავებდა. მონაწილეობდა დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებშიც [2011], სადაც მეორე ადგილზე გავიდა და პირველობა ალექსანდრ ანქვაბს ერგო.

ქართულ მხარესთან პირდაპირი დიალოგის საჭიროებაზე შამბას სხვადასხვა ინტერვიუში არაერთხელ აქვს ნათქვამი. თბილისთან დიალოგის საკითხზე შამბამ ბოლოს 2020 წლის იანვარში „მთავარ არხთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

ჩვენ გვჭირდება დიალოგი, რათა ნორმალური ურთიერთობები დავამყაროთ. მე ამის მომხრე ვარ და ვეწინააღმდეგები დღევანდელის მსგავსი კონფრონტაციის გაგრძელებას. უნდა დავსხდეთ და საუბარი დავიწყოთ. ამისთვის სხვადასხვა ფორმა არსებობს“.

რადიო თავისუფლება