აქტუალური
NDI - გამოკითხულთა 73 პროცენტი ფიქრობს, რომ საქართველოში კორონავირუსის შედარებით დაბალი გავრცელება მთავრობისა და ექიმების სწორი ნაბიჯების შედეგია

 საქართველო, 29 ივლისი, საქინფორმი. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) კორონავირუსთან დაკავშირებით კვლევას აქვეყნებს.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, საინფორმაციო წყაროების სანდოობის კუთხით, მოსახლეობის 90 პროცენტი – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრს, 85 პროცენტი – საქართველოს ხელისუფლებას, 73 პროცენტი – ჟურნალისტებს/მედიას, 66 პროცენტი – ადგილობრივ ხელისუფლებას, ხოლო 61 პროცენტი რელიგიურ ლიდერს/ეკლესიას ენდობა.

კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა კორონავირუსის შესახებ ინფორმაციას ძირითადად ტელევიზიიდან, სოციალური ქსელებიდან და ახლობლებისგან იღებს.

კითხვაზე, თუ რაზე დაყრდნობით წყვეტენ ფეისბუქზე კორონავირუსთან დაკავშირებული ინფორმაცია მცდარია თუ არა, მათი 61 პროცენტი ვინც კორონავირუსის შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელებიდან იღებს ამბობს, რომ ინფორმაციის წყაროს ან მედიასაშუალებას აკვირდება, ხოლო 37 პროცენტი საკუთარ ინსტინქტებს ენდობა.

კვლევის თანახმად, მოქალაქეების 73 პროცენტი ფიქრობს, რომ ქვეყანაში ვირუსის შედარებით დაბალი გავრცელება მთავრობისა და ექიმების მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯების შედეგია, ხოლო 17 პროცენტი მიიჩნევს, რომ ეს ქართული გენეტიკისა და რელიგიის დამსახურებაა.

როგორ კვლევაშია აღნიშნული, მოსახლეობის 80 პროცენტი კვლავ ღელავს, რომ ის ან მისი ახლობელი კორონავირუსით დაინფიცირდება. თუმცა, ამის მიუხედავად, მოსახლეობის თითქმის ნახევარი (46 პროცენტი) ამბობს, რომ კორონავირუსის ვაქცინის არსებობის შემთხვევაში არ აიცრებოდა (38 პროცენტი აიცრებოდა).

კვლევა 26-30 ივნისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 1,550 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა. საშუალო ცდომილების ზღვარი შეადგენს +/- 2 პროცენტს.