საქართველო, 28 ივლისი, საქინფორმი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, მსოფლიოში ეპიდემიოლოგიური ვითარება კვლავ მძიმეა.
„მოგეხსენებათ, რომ მთელ რიგ ქვეყნებში ხელმეორედ შემობრუნების ტალღის ტენდენციები გაჩნდა. 16 ნახევარ მილიონს გადააჭარბა მთლიანად ინფიცირებულთა რაოდენობამ“, – აღნიშნა გამყრელიძემ.
თუმცა, მისივე თქმით, პოზიტიური ფაქტია ის, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი სულ უფრო მცირდება.
„7-დან 4 პროცენტზეა ჩამოსული. ასევე, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა იზრდება, 62 პროცენტზეა ასული. ჩვენთან, რეგიონში სიტუაცია ისევ დაძაბული რჩება, ჩვენ ირგვლივ ყველა მოსაზღვრე ქვეყანაში არის შემთხვევათა სერიოზული რაოდენობა. იზრდება შემთხვევათა რაოდენობა როგორც სომხეთში, აზერბაიჯანში, რუსეთში, ასევე, შედარებით ნაკლები ინტენსივობით თურქეთში. სერიოზულად დაიძაბა სიტუაცია ცენტრალური აზიის ქვეყნებში, განსაკუთრებით ყაზახეთში, ყირგიზეთში“, – განაცხადა გამყრელიძემ.
რაც შეეხება საქართველოში არსებულ ვითარებას, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ქვეყანაში შემთხვევების ზრდის დინამიკა შეინიშნება.
„დღეის რიცხვით, სულ გვაქვს კოვიდინფექციის 1137 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა. დღეს დილის 9 საათისთვის დადასტურდა ექვსი ახალი შემთხვევა. ერთი გახლავთ დადასტურებულთან კონტაქტი, ოთხი შემთხვევა იმპორტირებულია, ძირითადად საკარანტინო სივრცეებიდან. ერთი შემთხვევა გაჩიანის კლასტერს უკავშირდება. ზოგადად, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ქვეყანაში გვაქვს შემთხვევების ზრდის დინამიკა. 20-26 ივლისის ფარგლებში, ერთი კვირის განმავლობაში ერთად არის 98 შემთხვევა. აქედან 22 გახლავთ გაჩიანთან დაკავშირებული შემთხვევები, 14 დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი, 13 იმპორტირებული. იმპორტირებულებს შორის იყვნენ ასევე სატვირთო ავტომანქანების მძღოლები“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ამასთან, გამყრელიძის განმარტებით, ჯამში, კვლევის შედეგად, სატვირთო ავტომობილის 92 მძღოლი იქნა იდენტიფიცირებული, რომელსაც ინფექცია დაუდასტურდა.
„ლილოს და ზოგადად, გაჩიანთან კონტაქტირებულები გამოვლენილი გვყავს 14. ამავე დროს, ერთი კვირის განმავლობაში, სამწუხაროდ, გვაქვს სამედიცინო პერსონალის 14 ინფიცირება“, – განაცხადა გამყრელიძემ.