საქართველო, 28 ივლისი, საქინფორმი. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ოპოზიციის წარმომადგენელი სერგეი შამბა კონფრონტაციის ნაცვლად, თბილისსა და სოხუმს შორის დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობს. ტელეკომპანია „მთავარ არხთან“ სატელეფონო ინტერვიუში მან განაცხადა, რომ საჭიროა რამენაირი დიალოგის დაწყება იმისთვის, რათა დამყარდეს ნორმალური ურთიერთობები.
„ახლა არსებობს ურთიერთობების ისეთი არხი, როგორიცაა ჟენევის მოლაპარაკებები, სადაც მხარეები ხვდებიან. თუმცა მე მგონია, რომ შეიძლება კავშირის სხვა არხების დამყარებაც, როგორც სახალხო დიპლომატიის, ისე ოფიციალური შეხვედრების დონეზე“, - განაცხადა სერგეი შამბამ. მისი შეფასებით, ბევრი საკითხია გადასაწყვეტი და თუკი არსებობს მხარეთა კეთილი ნება, მოუგვარებელი პრობლემები არ არსებობს:
„საქართველოს ხელისუფლებამ ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯები უნდა გადადგას, აფხაზურ საზოგადოებაში ისინი მხოლოდ მტრულ დამოკიდებულებას ხედავენ. რაც გამოიხატება ყოველმხრივ მცდელობებში შეუქმნან დაბრკოლებები აფხაზეთის განვითარებას“, - აღნიშნა სერგეი შამბამ. მისი თქმით, ბევრი წყენა დაგროვდა და საჭიროა საქართველოს ხელისუფლებამ კეთილი ნება გამოიჩინოს.
საქართველოსთან დიალოგის დაწყებაზე დე ფაქტო აფხაზეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამ რამდენჯერმე გააკეთა განცხადება. მათ შორის, რადიოსადგურ "ეხო მოსკვასთან" 2018 წლის აგვისტოში მან თქვა: „მე, შეიძლება ითქვას, ვიყავი საქართველოსთან ბრძოლის ლიდერი, მაგრამ პირველი ვარ, ვინც დაიწყო ლაპარაკი იმაზე, რომ დიალოგი საჭიროა და დროა საერთო მომავალზე ფიქრი დავიწყოთ, იმ გაგებით, რომ ჩვენ მეზობელი ხალხები ვართ“, - აღნიშნა სერგეი შამბამ.
რადიო თავისუფლება