სამართალი
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

 საქართველო, 28 ივლისი, საქინფორმი. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხზე იმსჯელა და ყველა მათგანი პატიმრობაში დატოვა.

პროკურატურა პატიმრობის ძალაში დატოვებას, დაცვის მხარე კი, გირაოს სანაცვლოდ ბრალდებულთა გათავისუფლებას მოითხოვდა. მოსამართლე მაია ოშხარელმა ბრალდების მხარის პოზიცია გაიზიარა.

იმის გამო, რომ ჯგუფური ძალადობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლებით დაკავებული 17 პირიდან არასრულწლოვნების საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი, დღეს მხოლოდ სრულწლოვანი პირების აღკვეთის საკითხზე იმსჯელეს.

გამოძიება გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის ფაქტებზე მიმდინარეობს.

ამასთან, გუშინდელ პროცესზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა ირაკლი წაქაძემ განაცხადა, რომ წარდგენილ ბრალს ნაწილობრივ ეთანხმება. დანარჩენი ბრალდებულებიდან ნაწილი ბრალს არ აღიარებს, ნაწილი კი – დუმილის უფლებას იყენებს.