სამართალი
წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარეს და მასთან ერთად დაკავებულ პირს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

 საქართველო, 28 ივლისი, საქინფორმი. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს და მასთან ერთად დაკავებულ პირს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნატრული აკობიამ მიიღო, რითაც პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

თავად ბრალდებული წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში დუმილის უფლებას იყენებს, ხოლო მეორე პირი, ამავე საკრებულოს თანამშრომელი მათე ღვინჯილია ამბობს, მას სიგარეტი აფხაზეთში მცხოვრებმა პირმა აჩუქა და ის ახლობლებისთვის უნდა დაერიგებინა.

დაკავებულების უფლებადამცველები, სასამართლოს ბრალდებულების გათავისუფლების სანაცვლოდ გირაოს სთავაზობდნენ.

26 ივლისს განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტზე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და ამავე საკრებულოს აპარატის თანამშრომელი დააკავეს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 8 310 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის სავარაუდო ღირებულება 34 000 ლარს აღემატება.

მათივე ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან რვა წლამდე ვადით.