საზოგადოება
სახელმწიფო დეპარტამენტი - აშშ არასდროს შეეგუება რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე შეტევას

 საქართველო, 24 ივლისი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ველესის დეკლარაციის 80 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამერიკა არასდროს შეეგუება რუსეთის შეტევას საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე.

ველესის დეკლარაცია მხოლოდ ისტორიული არტეფაქტი არ არის. ამერიკის შეერთებული შტატები არასდროს აღიარებს საბჭოთა კავშირის მიერ ბალტიისპირეთის ქვეყნების უკანონო იძულებით მიერთებას, ისევე როგორც არასდროს შეეგუება რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე შეტევას, რომელსაც ის ყირიმის ანექსიით, უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში დესტაბილიზაციის მცდელობით, ასევე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის გზით ცდილობს“, – აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

ამასთან, როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა დღეს სოციალურ ქსელში დაწერა, ნიშანდობლივია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა დღეს გაავრცელა განცხადება ველესის დეკლარაციაზე, რომელშიც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის მიუღებლობაზეც არის საუბარი. მისი შეფასებით, ეს არის კიდევ ერთი მკაფიო მხარდაჭერის გამოხატულება აშშ-ს აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან, რომელიც გამყარებულია ამერიკის ხელისუფლების კონკრეტული ქმედებებით და საკანონმდებლო აქტებით.