საზოგადოება
საზოგადოებრივი დარბაზის შემადგენლობაში შემავალ საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, საჯარო და კერძო სკოლების დირექტორებს, პედაგოგებს, პოლიტიკოსებსა და განათლების სფეროთი დაინტერესებული საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილე აკაკი სეფერთელაძემ განსახილველად ქართულის, როგორც უცხო ენის, სტანდარტი წარუდგინა.
შეგახსენებთ, პროექტის შექმნის შესახებ ინიციატივით სამინისტროს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრმა, დეპუტატმა გურამ ჩახვაძემ მიმართა. მან ექსპერტებთან ერთად უშუალოდ მიიღო მონაწილეობა სტანდარტის შექმნაში, რომელშიც აღწერილია ქართული ენის ფლობის დონეები (A1-A2; B1-B2). პროგრამა საშუალებას იძლევა, მომხმარებელმა მარტივად დაუკავშიროს ერთმანეთს ქართული ენის სხვადასხვა საკითხი და შეძლოს ზეპირ თუ წერილობით ტექსტებში ორიენტირება. სპეციალურად ამ პროგრამისთვის პირველად შეიქმნა ქართული ენის ფუნქციური გრამატიკა. საბოლოოდ, პროგრამა უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის უნიფიცირებას და ხელს შეუწყობს ყოველდღიური და საქმიანი ურთიერთობებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების (ლაპარაკი, წერა, კითხვა, სმენითი აღქმა) განვითარებას.ქართული ენის ფლობის, როგორც უცხო ენის, სტანდარტი პირველად ჩვენს ქვეყანაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შემუშავდა. იგი განკუთვნილია მასწავლებლების, შემფასებლების, მეთოდისტების, სასწავლო პროგრამებისა და სახელმძღვანელოების შემდგენელთათვის, სასწავლო ლიტერატურის გამომცემლებისა თუ რედაქტორებისათვის, თვით შემსწავლელებისა და იმ პირთათვის, ვისაც საქმე აქვს ქართულის, როგორც მეორე ან უცხო ენის, სწავლასა თუ სწავლებასთან როგორც ჩვებს ქვეყანაში, ისე საზღვარგარეთ.